
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის პერიოდში ინფექციებისა და სხვადასხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებს აქვეყნებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად იმატებს საკვებსა და წყალთან დაკავშირებული ინფექციების, დიარეული დაავადებების, ჰეპატიტი A-ს, ლეპტოსპიროზის, ლეიშმანიოზის და სხვა დაავადებების განვითარების რისკი.
„დაავადებებისგან თავის დასაცავად, დაიცავით პრევენციული ღონისძიებები:
წყალსატევებში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი – ეს შეიძლება გახდეს დიარეით, ჰეპატიტი A-თი ან ლეპტოსპიროზით დაავადების მიზეზი; მოხმარებამდე კარგად შეწვით ან მოხარშეთ ცხოველური წარმოშობის საკვები, ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი; აუცილებელია უმი და მოხარშული პროდუქტისათვის გამოიყენოთ სხვადასხვა დასამუშავებელი დაფა; ახლად მომზადებული კერძი, სასურველია, მიირთვათ ცხლად ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გააცხელოთ/წამოადუღოთ; არ მიიღოთ უმი, ჭუჭყიანი, გაბზარული, ნახევრად მოხარშული ან სანახევროდ შემწვარი კვერცხი; არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები; სალათები მაიონეზით ან არაჟნით უნდა შეზავდეს უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ; მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით; სასურველია, მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი ხილი; დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირებმა მოამზადონ სადილი ან ჩართული იყვნენ სხვა პირის მოვლაში; სიმპტომების (ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, უმადობა და სხვ.) გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს; ყოველთვის დაიბანეთ ხელი გამდინარე წყლითა და საპნით საკვების მომზადებამდე, საკვების მიღებამდე, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ; ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველის (განსაკუთრებით ძაღლების) მიერ ადამიანთა დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევები. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას; მაქსიმალურად დაიცავით თავი კოღოების კბენისაგან იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ფლებოტომუსი და/ან კოღოები არის ან შეიძლება იყოს გავრცელებული. გისურვებთ ზაფხულის ჯანსაღად გატარებას“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
0
0