
დაარღვია თუ არა ქვეყნის მთავარი კანონი სალომე ზურაბიშვილმა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.
საკონსტისტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას ინფორმაციით, ვინაიდან სასამართლო ზეპირი მოსმენით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დარბაზში აცხადებს, მიზანშეწონილი იქნება, პრეზიდენტთან დაკავშირებული გადაწვეტილებაც ამავე დარბაზში გამოცხადდეს.
„პარლამენტში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნის გაგზავნის ბოლო თარიღი 14 ოქტომბერია, მაგრამ რადგან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, შესაძლებელია, გადაწყვეტილება გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს ანუ 16 ოქტომბერს“ - განაცხადა ტურავამ.
თუ პლენუმის 9 მოსამართლიდან 6 გადაწყვეტს, რომ შეუთანხმებელი ვიზიტებით პრეზიდენტი ქვეყნის უზენაესი კანონის წინააღმდეგ წავიდა, მაშინ იმპიჩმენტის პროცედურა სასამართლოდან, პირდაპირ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ პლენუმი პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუცია დაირღვა, ოპოზიციამაც კენჭის ყრის დროს, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან იმპიჩმენტისთვის მმართველ გუნდს ხმების საკმარისი რაოდენობა არ გააჩნია.
საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, ობიექტური გადაწყვეტილების იმედი აქვს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს პროგნოზირება, ჩემთვის ძალიან რთულია. ის, რასაც დღეს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლო, ამის პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს. ვიმედოვნებ, რომ გადაწყვეტილება იქნება ობიექტური. ნებისმიერი მხარე ამას მიიღებს იმ მოცემულობად, რომელსაც უნდა დაემორჩილოს", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, როგორც ცნობილია, მათი დიდი ნაწილი კენჭისყრაში მონაწილეობას არ გეგმავს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მისი პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
„ეს პროცედურა ჩვენთვის ფარსია. მონაწილეობას არ მივიღებთ მარტივი მიზეზის გამო: შეიძლება ვიღაცამ ხელი დააჭიროს და მთელი ოპოზიციის ნაცვლად მე უნდა ვიმართლო თავი. ვინც კენჭისყრაზე შევა, თავი აიყვანოს კონტროლზე და ერთმანეთში გაარკვიონ, ვინ დააჭირა ხელი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო - დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.
0
0