
„ვეფხისტყაოსნის“ ავტორთან დაკავშირებით რამდენიმე შეხედულება არსებობს. ერთი ვერსიით, ის ქართველმა მწერალმა შოთა რუსთაველმა დაწერა, ხოლო მეორე ვერსიით - ალანიის მეფის ნაცვალმა დავით სოსლანმა“, - ამის შესახებ საუბარი იყო მრგვალ მაგიდაზე, რომელიც ცხინვალში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტში გაიმართა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პოემა ბევრ საიდუმლოს შეიცავს, ავტორობით დაწყებული და მისი პერსონაჟებით დამთავრებული. სიუჟეტი როგორც ნამდვილ, ასევე, გამოგონილ ქვეყნებში ვითარდება.
ცნობისთვის, „ვეფხისტყაოსანი“ — XII საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემა. შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისგან. შინაარსის მხრივ, „ვეფხისტყაოსანი“ რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით.
შუა საუკუნეებშიც და შემდეგ დროშიც ვეფხისტყაოსანი დიდ როლს ასრულებდა ქართველი ერის, განსაკუთრებით კი ქართული ლიტერატურის თვითმყოფადობის საკითხებში; ვეფხისტყაოსანი ქართველთათვის ერთ-ერთ საყვარელ წიგნად რჩებოდა. მისი გავლენა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ახალი დროის ქართველ მწერლებში. დღეს ვეფხისტყაოსანი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრად ითვლება.
ვეფხისტყაოსნის სრული ტექსტიდან ზოგიერთი სტროფი და რამდენიმე თავი სრულად არაა შოთა რუსთაველის დაწერილი. ტრადიციულ ბეჭდურ გამოცემებში პოემის ეს ნაწილები, როგორც წესი, ამოღებულია. თუმცა ვერსია, რომ პოემის ავტორი შეიძლება დავით სოსლანი იყოს, აქამდე არ გაჟღერებულა.
0
0