22/11/2022
12:57
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილს „ნაცმოძრაობის“ კანონპროექტიც არ და ვერ ეხება, შესაბამისად, მათი პროექტის ერთადერთი ამოცანა დავით კეზერაშვილის დაცვაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პროექტი საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს, რადგან კოპირებულია უკრაინული ვერსია, რომელიც თავის მხრივ, მოწონებულია ევროკავშირის მიერ.
„საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტს, პირდაპირ აღებულია უკრაინული მოდელი, რომელიც მოწონებულია როგორც ევროკავშირის მიერ, ასევე აშშ- ის მიერ. ჩვენ გვქონდა და გვაქვს კონსულტაციები, არ გვაქვს პრობლემა, რომ აღნიშნული კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ისევე როგორც უკრაინის მიერ გადაგზავნილი კანონის დასკვნა, ასევე ჩვენს მიერ გადაგზავნილიც, იქნება რელევანტური და პოზიტიური, რადგან არანაირი კონტრარგუმენტი არ არსებობს იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომელიც ჩავდეთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში. რაც შეეხება ოპონენტების მიერ დაინიცირებულ ალტერნატიულ ვერსიას, ალბათ, მის სახელწოდებას უნდა მოვაცილოთ „დე“ და გამოდის, რომ მათი კანონპროექტი არის ოლიგარქების დასაცავად შექმნილი კანონპროექტი, პირდაპირ იკითხება, რომ ის მოარგეს ერთადერთ ადამიანს, დავით კეზერაშვილს, რომ როგორმე მას არ შეეხოს. მათი მთავარი სამიზნე ვინც არის - ბიძინა ივანიშვილი, პროექტის მათივე ვერსია არ და ვერ ეხება ბიძინა ივანიშვილს, შესაბამისად, ერთადერთი ამოცანა მათი პროექტის არის ის, რომ დაიცვან თავიანთი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი,“ - განაცხადა ამილახვარმა.
0
0