14/01/2025
16:14
საზოგადოება
ილონ მასკის SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორმა, სტივენ ნელსონმა, ინტერნეტ მმართველობის გლობალურ ფორუმზე (IGF 2024) ComCom-ის ორგანიზებით გამართულ სესიაზე „რეგიონის გაძლიერება და მდგრადი ციფრული განვითარება“ განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონში აქვს სტრატეგიული ლოკაცია, იმისთვის, რომ ქვეყანა ბუნებრივი ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი იყოს ტრანსკასპიურ სავაჭრო მაგისტრალზე, რომელიც ორ კონტინენტს ერთმანეთთან აკავშირებს. ინფორმაციას ComCom-ის პრესსამსახური ავრცელებს.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანა ბუნებრივ დამაკავშირებელ რგოლად იქცა გლობალურ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. მისი სტრატეგიული ლოკაციიდან გამომდინარე, საქართველო მთელი ისტორიის განმავლობაში ასრულებდა რეგიონებს შორის გამტარის როლს, დღეს კი მისი გეოგრაფიული უპირატესობა ახალ მნიშვნელობას იძენს.“ - აღნიშნა სტივენ ნელსონმა.
SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორის განცხადებით, როდესაც საუბარია საქართველოს სტრატეგიულ პოზიციაზე, აუცილებელია აღინიშნოს კომუნიკაციების კომისიის ნოვატორული როლი, როგორც ტელეკომუნიკაციების პირველი მარეგულირებელი ორგანოსი კავკასიის რეგიონში, რომელმაც Starlink-ის ლიცენზირება მოახდინა. ლიცენზირების შედეგად კი, Starlink-მა საქართველოში მოახერხა ციფრულ სერვისებზე წვდომის თვალსაზრისით არსებული გეოგრაფიული დაბრკოლებების აღმოფხვრა.
„ComCom-ის აქტიურმა და პროგრესულმა მიდგომამ შექმნა ხელსაყრელი გარემო ისეთი ახალი თაობის ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა Starlink და ამით მთელი ქვეყნის მასშტაბით მისცა მოსახლეობას წვდომა მაღალი სიჩქარის და დაბალი დაყოვნების ინტერნეტ-კავშირზე. ახლა კი გაგიზიარებთ იმის მაგალითებს, თუ როგორ ხდება ComCom-ის მარეგულირებელი ხედვისა და Starlink-ის ტექნოლოგიების ერთობლიობით საქართველოში ციფრული დერეფნების შექმნა. მაღალმთიან სოფლებში, როგორებსაც მაგალითად სვანეთსა და თუშეთში ვხვდებით, სადაც ტრადიციული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ნაკლებობით ხალხმა ათწლეულების მანძილზე იზარალა, დღეს Starlink-ის მეშვეობით უკვე ხელმისაწვდომია 100-200 მბ/წმ სიჩქარის, 20 მილი წამამდე დაყოვნების ინტერნეტი,“ - განაცხადა SpaceX-ის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ მომავალი წლიდან Starlink-ს საქართველოში ახალი ბიზნეს მოდელების შექმნის გეგმები აქვს.
„მომავალში კიდევ უფრო ბევრი სიახლეა მოსალოდნელი, სპექტრის უფრო ეფექტურად გამოყენებიდან დაწყებული, 1 გბ/წმ-მდე სიჩქარის და დაბალი დაყოვნების ინტერნეტის მიწოდებით დამთავრებული. საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობის, სტრატეგიული ლოკაციის, ComCom-ის ინოვაციური და მოქნილი მიდგომის და Starlink-ის მოწინავე ტექნოლოგიის შერწყმა ქმნის ძლიერ საფუძველს მდგრადი განვითარებისთვის. მაღალი სიჩქარის და დაბალი დაყოვნების ინტერნეტ-კავშირის უზრუნველყოფა საქართველოს ნებისმიერ წერტილში ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რაც რეგიონში ციფრულ განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.“- აღნიშნა SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორმა.
სესიაზე სტივენ ნელსონმა განმარტა ისიც, თუ რა მნიშვნელობა აქვს ციფრულ დერეფნებს და როგორ უწყობენ ისინი ხელს ინოვაციების განვითარებას: „აღნიშნული დერეფნები თანამედროვე აბრეშუმის გზების ფუნქციას ასრულებენ. ისინი უზრუნველყოფენ მყისიერ კომუნიკაციას, ხელს უწყობენ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას, ასევე ახდენენ გლობალური ცოდნისა და ბაზრებზე წვდომის დემოკრატიზაციას. მაგალითისთვის ავიღოთ მაღალმთიანი სოფელი უშგული - ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლება. ტრადიციულად, აქ მცხოვრები საზოგადოება ციფრულად იზოლირებული იყო და მას შეზღუდული წვდომა გააჩნდა ონლაინ განათლებაზე, ტელემედიცინასა თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესმენი ხართ, რომელიც ამზადებს პრეზენტაციას; სტუდენტი, რომელიც დისტანციურად ერთვება გაკვეთილზე; თუ უბრალოდ მამა, რომელმაც შვილები უნდა გაართოს ხანგრძლივი ფრენის დროს - Starlink-ის მეშვეობით თქვენ შეინარჩუნებთ კავშირს და სწრაფად გაიყვანთ დროს.“ - განმარტა სტივენ ნელსონმა.
მისივე მტკიცებით, აღნიშნული შესაძლებლობები არ წარმოადგენს სამომავლო მისწრაფებებს. Starlink-ის მომხმარებლებისთვის ისინი დღეს უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს არაერთ ბაზარზე. ComCom-თან მჭიდრო თანამშრომლობით კი ამ ტექნოლოგიების შემოტანა 2025 წელს საქართველოშიც იგეგმება.
0
0