ყაზახეთში დასრულდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მრავალთვიანი სასამართლო პროცესი, ნაფიცმა მსაჯულებმა კუანდიკ ბიშიმბაევი დამნაშავედ ცნეს. მოსამართლემ ცოლის, სალტანატ ნუკენოვას მკვლელობისთვის ბრალდებულს 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ბიშიმბაევი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის, ხოლო ვადაზე ადრე შეწყალების მოთხოვნას მხოლოდ 2040 წელს შეძლებს.
ყოფილი მინისტრის გარდა, დამნაშავედ ცნეს მისი ბიძაშვილი ბაჰიტჟან ბაიჟანოვი, რომელსაც პროკურატურა დანაშაულის დამალვას ედავებოდა. ბაიჟანოვს 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ნუკონოვას მკვლელობას ყაზახეთსა და მთლიანად ცენტრალურ აზიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 2024 წლის აპრილში ყაზახეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც ოჯახურ ძალადობაზე უფრო მყისიერ და მკაცრ რეაგირებას გულისხმობს. კანონს მედიაში სალტანატის კანონი შეარქვეს.
2023 წლის 9 ნოემბერს ასტანაში ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
0
0