
ახალი დეტალები საფრანგეთში მომხდარი მკვლელობის საქმეში - "კურიერისთვის" ცნობილი ხდება ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ვინაობა, ის 28 წლის ლანა ხუნწარიაა.
ოჯახი საფრანგეთში გამგზავრებამდე ბათუმში ცხოვრობდა. "კურიერი" მათ საცხოვრებელ მისამართზეც იმყოფებოდა.
როგორც ახლობლები ჰყვებიან, ოჯახი საფრანგეთში 1 წლის წინ, ბავშვის სამკურნალოდ წავიდა, რომელიც ავად იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, 5 შვილის დედამ, ქმარი, მარედ სურმანიძე სავარაუდოდ თოკით გაგუდა, რადგან დაღუპულს დაზიანებები კისრის არეში აქვს. ირკვევა, რომ ის გასული წლის აგვისტოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო.
შესაბამისი პროცედურები დაიწყო, თუმცა მალევე გაუქმდა, რადგან დაზარალებულმა საბოლოოდ, ძალადობა უარყო. წყვილის ხუთივე შვილი თავშესაფარშია გადაყვანილი. დანაშაული ქალაქ ტულონში მოხდა.
დაკავებული ქალის დედა ამბობს, რომ კაცი მის შვილზე ძალადობდა და წყვილს შორის ხშირად იყო კონფლიქტი. ქალი ამბობს, რომ კაცი ნარკოდამოკიდებული იყო, ის ვარაუდობს, რომ შეიძლება გარდაცვალების მიზეზი აღნიშნული გამხდარიყო.
"ინვალიდი შვილი ჰყავდათ და იმის თაობაზე წავიდნენ. თურმე ჩემს შვილზე ძალადობდა, არ აყენებდა, წამალდამოკიდებული გამხდარა და ფული მოიტანე, იმას დაესესხე, იქიდან მომიტანე, აქედან მომიტანე და სულ ჩხუბი და რაღაცა ჰქონიათ. დამტკიცებული ბრალი არ აქვს, იმიტომ, რომ ჩემი შვილი ერთი პატარა, ჭია გოგოა, ათას დარდ და პრობლემა გადავლილი და როგორ შეეძლო ბიჭი გაეგუდა, დაამტკიცებს ალბათ გამოძიება. გაქცეული არსად არ ყოფილა, ადგილზე აიყვანეს ჩემი შვილი და ის გარდაცვლილი იყოო. მირჩევნია დღეს ჩემი შვილი იყოს მკვდარი, ვიდრე სიძე, არ მინდა ასეთი სირცხვილით ცხოვრება, ბავშვების წინაშე რა უნდა ვთქვა. ბავშვები გადაყვანილები არიან თავშესაფარია, თუ რა ჰქვია არ ვიცი, ამ წუთას არის ყველა ერთად. ეს ცხონებული წასული ყოფილა სახლიდან, ჩემმა შვილმა ორი ბავშვი გაიყოლა და სულ უფროს ბიჭს ავადმყოფები დაუტოვა და დაეძებდა ქუჩა-ქუჩა, რომ ნარკოტიკებზე იყო წასული იცოდა თურმე და ჩვენთან ამას მალავდა", - ამბობს დედა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ ტულონში ქმრის მკვლელობის ბრალდებით ქართველი ქალი დააკავეს.
0
0