
"მარი ბაბეტას შეყვარებული ციხეში იჯდა. ცუდი ურთიერთობა რომ ჰქონდათ, ამიტომ დააჭერინა. თითქოს ის ემუქრებოდაო, - ეს სისულელეა" - ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ ტრაგიკულად დაღუპული მოცეკვავის, მარი ბაბეტას მეგობარი ჟურნალ “გზასთან” ინტერვიუში აცხადებს.
გემა ხაგუში, ბაბეტას დაღუპვის დღეს დეტალურად იხსენებს:
"იმ დღეს ჩვეულებრივი სამუშაო დღე ჰქონდა, იყო შარდენზე. ერთ-ერთ კლუბში ცეკვავდა, მაგრამ დღესასწაულები რომ იყო, ადრე გამოუშვეს. ეტყობა, ამის შემდეგ შარდენიდან მტკვრის მხარეს არსებულ ბარში გადავიდა, იქიდან ისევ უკან, ისევ შარდენის მხარეს გადმოდიოდა, როცა ეს ტრაგიკული ამბავი მოხდა. გზაზე ვეღარ გადავიდა, დაახლოებით 4-ის ნახევარი იყო, იმ ტერიტორიაზე ფეხით რომ ჩავიარე. ტაქსით მოვდიოდი, მაგრამ რადგან ამ ავარიის გამო გზა გადაკეტილი იყო, გარკვეული მანძილის ფეხით გავლა მომიხდა. სამწუხაროდ, ჩემი თვალით დავინახე, შავი პოლიეთილენის პარკში რომ იყო ცხედარი გახვეული, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ის ჩემი მეგობარი იქნებოდა?!. სავარაუდოდ, ღამით, სამის წუთებზეა ეს ავარია მომხდარი. ამ ფაქტის შემხედვარემ გზა რომ განვაგრძე, ვნერვიულობდი, ამ ახალ წელს რამ მანახა ეს ცხედარი-მეთქი?! ამ ფიქრებში გართული შარდენზე ავედი. ყველამ იცოდა იქ უკვე ეს ამბავი და ისიც, რომ მარი ჩემი მეგობარი იყო. მითხრეს. არ მინდოდა ამის დაჯერება. ნეტავ არ მენახა!.. მე რომ იქ ჩავიარე, პოლიციაც იყო და თვითონ ის მძღოლიც ადგილზე გახლდათ. მანქანა დალეწილია, ისეთი ძალით დაეჯახა. როგორც ვიცი, დაკავებული მამაკაცი ეროვნებით აზერბაიჯანელია. შეჯახების დროს გოგო სავარაუდოდ 2 მეტრზე ისროლა... ძალიან განვიცდი. თურმე ჩემი მეგობარი პარკში გახვეული წევს - ამის გააზრება იყო ჩემთვის დიდი შოკი. არადა, ჩვეულებრივი დღე ჰქონდა, არაფერი ისეთი, რომ ცუდად ყოფილიყო... ერთმა ადამიანმა, ლევანმა გაავრცელა ეს ინფორმაცია. იმ ბიჭმა ჩემს "ფეისბუკის" გვერდზე ნახა ჩემი სტატუსი და ასე გაიგო მომხდარი, მერე მე მწერდა, დეტალები აინტერესებდა, რაღაცები მომწერა, მაგრამ პასუხიც კი არ მქონდა გაცემული. მერე თვითონ დაურეკა ტელევიზიას და არასწორი ამბები მოუყვა, რაც გაშუქდა კიდეც. მე მას პირადად ველაპარაკე, - საიდან მოიტანე ეს ამბები? შეყვარებულს რომ დააბრალე ყველაფერი, არ გეშინია, გიპოვოს და ამის გამო პასუხი მოგთხოვოს-მეთქი? მისმა ნათქვამმა გამაკვირვა: უფ, ის მე რას მიპოვისო?!. ადამიანმა მოიტყუა უბრალოდ იმის გამო, რომ ტელევიზიისთვის ინტერვიუ მიეცა. ის არც მარის მეგობარი იყო, უბრალოდ ნაცნობი გახლდათ. მე ვუკრავდი კლუბში და ჩემგან გაიცნო მარი ბაბეტა. მერე კომენტარი სხვა ბიჭმაც გააკეთა, გურამმა. ის არის მარის მეგობარი, მაგრამ ტყუილია, რაც ითქვა, თითქოს თავის მოკვლა უნდოდა. თვითონ თხზავენ ამ ამბებს. რატომ უნდა იცოდეს მისმა 14 წლის შვილმა ეს ტყუილი?! რამე მსგავსი რომ ყოფილიყო, მარის არც ეკლესიაში დაასვენებდნენ. წესიც აუგეს, ჩვეულებრივად ტაძრიდან გამოვასვენეთ და დავკრძალეთ მუხათგვერდის სასაფლაოზე. დედამისმა რომ დამინახა, მეკითხებოდა, შენ მაინც მითხარი სიმართლე, მართლა თავი მოიკლა ჩემმა შვილმაო? ეს არ იყო ასე. სიცოცხლეში გადაუარეს და ახლაც ტყუილი გაავრცელეს. ბევრი ადამიანი ეფიცებოდა მარის მეგობრობას, მაგრამ სამძიმარზე და გასვენებაში არც კი მოსულან. ყოფილი მეუღლის ძმაკაცები და მათი ცოლები იყვნენ, ჭორიკანა მეზობლებიც, თორემ მისი მეგობრები იქ არ მინახავს; ერთი ბავშვობის მეგობარი გახლდათ, მე და კიდევ ერთი მეგობარი - ეს იყო სულ. მისი ყოფილი მეუღლე 2019 წელს გარდაიცვალა, მარი ამ თემაზე არ ლაპარაკობდა. ორი თვის წინ მარის მამაც გარდაეცვალა, ახლა კი ეს ტრაგედია მოხდა!.. დარჩა დედა და 14 წლის გოგონა, რომელსაც, როგორც ვიცი, მამის ნათესავები წაიყვანენ ქუთაისში: ბაბეტას დედა შეზღუდული შესაძლებლობისაა და ფიზიკურად ვერ შეძლებს მის მოვლას ისე, როგორც ბავშვს სჭირდება. გოგონას ჰქონდა მამის ნათესავებთან ურთიერთობა და ისინი ამბობენ, ჯობია, ჩვენ წავიყვანოთ, უფრო მეტად მივხედავთო. ბებოს თავის მოვლა კი შეუძლია და მის გვერდით იქნება მარის ბიძაშვილი სანდრო. მან ყველაფერი გააკეთა მარისთვის, როგორც საჭირო იყო და ყველა წესის დაცვით მივაბარეთ მიწას". - ამბობს გემა ხაგუში.
როგორც ცნობილია, 3 იანვარს გამთენიისას, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 29 წლის მოცეკვავე მარი ბაბეტას სიცოცხლე ემსხვერპლა. ბაბეტა შარდენთან გადადიოდა გზაზე, როცა მანქანა დაეჯახა. იმდენად ძლიერი შეჯახება იყო, რომ ახალგაზრდა ქალი ადგილზევე დაიღუპა. მანქანის მძღოლს მიმალვა არ უცდია. ის ტრაგედიის ადგილას მისულმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ჩატარდა ექსპერტიზა და ტრაგედიის რეალურ მიზეზებს ახლა არკვევენ. გამოძიება გრძელდება.
ჟურნალი “გზა”
0
0