"კურიერი P.S." წინასაახალწლო სამზადისის გადასაღებად ქალთა ციხეში შევიდა, სადაც 300-ზე მეტი პატიმარია. სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდადებული ქალები ცდილობენ ერთმანეთს შეუქმნან სადღესასწაულო განწყობა. ქალთა ციხეში, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. განსაკუთრებულს კი პატარა ალისა ქმნის - ბავშვი, რომელიც ციხეში დაიბადა და გისოსებს მიღმა იზრდება.
პატიმრების ხმები 7 თვის ალისას დაბადებიდან ესმის. გოგონა ჯერ დაბადებული არ იყო, როდესაც დედა დააპატიმრეს. გაჩნდა და ბინაც აქ, გისოსებს მიღმა დაიდო. უჩვეულო, თუმცა ზრუნვით და სიყვარულით სავსე გარემოში. სპეციალურად მისთვის მოწყობილ, ყველაზე ლამაზ საკანში, პირველ ახალ წელს და პირველ საჩუქარს ელოდება. ნაძვის ხე დედასთან ერთად ააწყო. სურვილი ჩაფიქრებულია - მალე გაიცნოს და-ძმა, რომლებსაც ჯერ ვერ შეხვდა.
ციხეში დაბადებულ ალისას იქ ცხოვრების უფლება 3 წლამდე აქვს, ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც დედას თავისუფლებამდე აშორებს.
პატიმარი ქალები ახლა წლის მთავარი ღონისძიებისთვის ემზადებიან. მოწესრიგდნენ, გენერალური რეპეტიცია გაიარეს და სცენაზე გადიან. ხალხური ცეკვები და სიმღერები, თეატრალური დადგმები, ღონისძიებისთვის პატიმრებმა კოსტიუმები საკუთარი ხელით შეკერეს.
ვინც სცენაზე არ დგას, მაყურებელია - კონცერტს საპატიო სტუმრის რანგში 7 თვის ალისა ესწრება.
წყარო: რუსთავი 2
0
0