-share.jpg)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტ მიხაელ შეფმანთან ერთად, ქალაქ ციურიხში ქართველი ენათმეცნიერის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა გახსნა.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ კიტა ჩხენკელის ღვაწლსა და საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში მის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა.
„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მისი სახელობის დაფა დღეს აქ, ციურიხში სწორედ იმ სახლის ფასადზე განთავსდა, სადაც ენათმეცნიერი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. პროფესორი კიტა ჩხენკელი მსოფლიოში აღიარებული ლინგვისტი გახლდათ. მისი ოცნება იყო, ევროპელებს გაეცნოთ საქართველოს მდიდარი ისტორია და შეესწავლათ ქართული ენა. დაუღალავი შრომისა და თავდადების შედეგად კიტა ჩხენკელის ოცნება ახდა – სწორედ მისი ძალისხმევით ციურიხის უნივერსიტეტში შეიქმნა ქართული ენის კათედრა, რომელიც მალევე იქცა ქართველოლოგიის მძლავრ ცენტრად. აქ აღიზარდნენ დარგის შესანიშნავი, უმაღლესი რანგის შვეიცარიელი სპეციალისტები", განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ციურიხის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა აღდგეს და განვითარდეს.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, წელს საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღინიშნება და სიმბოლურია ისიც, რომ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფის გახსნა სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი ენათმეცნიერისა და ქართველოლოგის, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა ციურიხში იმ შენობის ფასადზე განთავსდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, 1963 წლამდე ცხოვრობდა.
აღსანიშნავია, რომ ამავე შენობაში მდებარეობდა ქართული გამომცემლობა „ამირანი“, სადაც კიტა ჩხენკელის ჩამოსხმული სასტამბო შრიფტით იბეჭდებოდა მისი ნაშრომები და ქართული ლიტერატურის სხვა ნიმუშები.
0
0