11/09/2024
13:38
ეკონომიკა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის გენერალური მრჩეველი გიორგი კვესიტაძე საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეროვნული გზამკვლევი წარმოადგენს სტრატეგიულ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გრძელვადიან ხედვასა და მის მისაღწევად საჭირო ძირითად ინიციატივებს. უწყების განმარტებით, ეს გულისხმობს მუნიციპალური მყარი ნარჩენების და ნარჩენების წარმოქმნის ჯამური მაჩვენებლის შემცირებას, ნარჩენების გადამუშავების საერთო მაჩვენებლის გაზრდას, უკანონო ნაგავსაყრელების ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მიწების აღდგენას, სატრანსპორტო ქსელებში ენერგიის და ნედლეულის დანაკარგების მინიმუმამდე შემცირებას, ენერგოეფექტურობის გაზრდას, მიწისა და წყლის რესურსების მართვისა და მასალების გამოსავლიანობის გაუმჯობესებას და ახალი მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო ხუთ წელიწადში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით საქართველოს მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. შემუშავდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებული რეგლამენტები და რეგულაციები. სამინისტროში აცხადებენ, რომ, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერი ქვეყანაა.
„ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, ევროკავშირის რეკომენდაციებზე იყო დაფუძნებული. ეტაპობრივად მივდივართ წინ – პირველი ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იყო. ყველა დონეზე შევხვდით პოლიტიკის შემქმნელებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესჯგუფების წარმომადგენლებს; მეორე ეტაპი იყო პოტენციალის შეფასება, რომელიც სექტორების მიხედვით ჩავშალეთ; გამოიკვეთა დარგები, სადაც ყველაზე მეტად შეიძლება ცირკულარული ეკონომიკის იმპლემენტაცია. გზამკვლევი შემდეგი ეტაპია, რომელშიც ქვეყნის ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგია განისაზღვრება, რაც, საბოლოოდ, პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის შესაძლებლობას მოგვცემს“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპზე და მაღალი სტანდარტების ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მიხეილ დუნდუამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი მაღალი სტანდარტების დაცვით ეკონომიკური წინსვლა. მისი განმარტებით, არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა გამახვილდეს გარემოს დაცვაზე, ეკოლოგიაზე, ცირკულარულ ეკონომიკასა და რესურსების სწორ გამოყენებაზე.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის გენერალური მრჩეველის განცხადებით, ცირკულარული ბიზნესმოდელების შემუშავება და დანერგვა ინოვაციებსა და კვლევებს საჭიროებს.
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა ცირკულარული ეკონომიკის საკითხების შესწავლა წლების წინ დაიწყეს. მეცნიერებათა აკადემია ინტერესით ადევნებს თვალყურს როგორც ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებას, ასევე ცირკულარობის გზამკვლევის მომზადებას. ამ პროცესებში ფასეულ რეკომენდაციებს ვიღებთ“, – აღნიშნა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ცირკულარულ ეკონომიკის გზამკვლევზე მუშაობა 2023 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს. მის შექმნაზე მუშაობს საქართველოს მთავრობის მიერ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ ექსპერტთა გუნდი, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტები.
გზამკვლევი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის, „მმართველობის რეფორმის ფონდის“ ქვეპროექტის – „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.
0
0