
“კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, “დელტას“, “გაერთიანებული ავიახაზების“ და “ამერიკული ავიახაზების“ ფრენები შეჩერებულია“, - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ CNN-მა აშშ-ის ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა.
უწყების განმარტებით, ფრენების შეჩერება ეხება ყველა მიმართულებას.
“ამერიკულ ავიახაზებში“ აცხადებენ, რომ შეფერხების მიზეზი კიბერუსაფრთხოების კომპანია CrowdStrike-თან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემაა. გარდა ამისა IT სისტემების შეფერხებების გამო დაზარალდა 6 ინდური ავიაკომპანია, Cathay Pacific, Disneyland, ჰონგ კონგის აეროპორტები, აზიური ავიახაზები: AirAsia, Cebu Pacific Air და Singapore Airlines.
AirAsia-მ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ “მათ და მსოფლიოს ავიაკომპანიებში, ჯავშნებსა და სისტემაზე გავლენას ახდენს Microsoft-ის ღრუბლოვანი სერვისების გათიშვა“
Cebu Pacific Air-მა თქვა, რომ იძულებული გახდა ყველა პროცესი ხელით ეწარმოებინა, რაც თითქმის შეუძებელია.
Singapore Airlines-მა კი X-ზე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ყველა ფრენა შესრულდა, თუმცა კომპანია ტექნიკურ სირთულეებს განიცდის.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით, IT სისტემების მნიშვნელოვანი შეფერხებების გამო, მსხვილი ბანკები, მედიასაშუალებები და ავიაკომპანიები გამართულად ვერ ფუნქციონირებენ.
სიდნეის აეროპორტში ფრენები შეჩერებულია, ფრენები შეწყვიტა United Airlines-მაც. ბერლინის აეროპორტის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეფერხებები აქვთ. პრობლემა დაფიქსირდა ესპანეთში ყველა აეროპორტში. გაერთიანებულ სამეფოში სარკინიგზო კომპანიები აცხადებენ, რომ “ფართო IT პრობლემებს განიცდიან“.
გავრცელებული ინფორმაციით, შეფერხებებს განიცდის ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის პლატფორმაც. ამასთან, Sky News-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის ინფორმაციით, პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფა ვერ შეძლეს.
რაც შეეხება ზარალის ოდენობას. ჯერჯერობით ზუსტი მონაცემები არ არის ცნობილი, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირებულმა შეფერხებებმა, რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი უკვე გამოიწვია.
მსოფლიოს მასშტაბით პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ, მცირე ხარვეზი ქუთაისის აეროპორტშიც გამოიწვია.
შეფერხების გამო კატოვიცას რეისზე რეგისტრაციას 20 წუთიანი დაგვიანებით დაიწყო. როგორც აეროპორტის საინფორმაციოს ცენტრში აცხადებენ, რეისი უკვე შესრულდა და ამ დროისთვის სხვა შეფერხება არ არსებობს. რაც შეეხება ბერლინის რეისს, რომელიც ქუთაისიდან შესრულდა, პოზნანში დაფრინდა, რადგან ბერლინი რეისების მიღებას ვერ ახერხებს.
ამ დროისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა დაგეგმილი რეისი, განრიგის მიხედვით ხორციელდება.
0
0