21/09/2021
13:53
საზოგადოება
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება და ხმაური გრძელდება. ამჯერად, დაპირისპირება სალხინოში ახლადდანიშნული ეპარქიის ეკონომისტის გამოჩენას მოჰყვა.
განკვეთილ სასულიერო პირებს – ამჯერად, ერისკაცებსა და ეკონომისტს შორის გამართული შეხვედრა ხმაურის ფონზე გაგრძელდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა, მისი დასრულების შემდეგ, მხარეებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
სალხინოს, წაჩხურუსა და ბალდის მონასტრებში ახლადდანიშნული ფინანსური და ადმინისტრაციული საკითხების დროებითი განმკარგავი ტარიელ რუხაძე, რომელიც მეუფემ გუშინ დანიშნა, აცხადებს, რომ მონასტრებში არსებულ სიტუაციას ეცნობა და სწავლობს.
მისივე თქმით, ვიზიტი სალხინოში ემსახურებოდა მხოლოდ არსებული მდგომარეობის შესწავლას, თუმცა, ამის საშუალება განკვეთილმა ბერებმა არ მისცეს და შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. თავის მხრივ, განკვეთილი ბერები აცხადებენ, რომ არ დაემორჩილებიან არანაირ ბრძანებებსა და გადაწყვეტილებებს. ისინი კელიების დატოვებას არ აპირებენ.
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნე და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა. მათ აეკრძალათ სამონაზნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვა, აგრეთვე – სამონაზნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თქმით, აღნიშნული სასულიერო პირები, რომლებიც პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან, არღვევდნენ საეკლესიო კანონებს, ცდილობდნენ ეკლესიაში შუღლის შეტანას, აქეზებდნენ სხვა პირებს და ეწინააღმდეგებოდნენ პატრიარქს.
0
0