
ცენტრ “ემპათიას” დამფუძნებელი, მარიამ ჯიშკარიანი, კლინიკა ვივამედის ბრალდებებს პასუხობს და სოციალურ ქსელში წერს:
“კლინიკა “ვივამედის" დირექტორი ჩხაიძის განცხადება, არის თავდასხმა ცენტრი “ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფზე, რომლის მთავარი მოტივაციაა, რომ ცენტრმა “ემპათიამ" გაიზიაროს მათი არასამედიცინო კონცეფცია მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტიოლოგიური ფაქტორების: “გემრიელი საკვების არ მიტანა”, “თვითდაზიანების რეჟიმში – დიეტური კვება”, “10 თვიანი ფსიქოგენური სიცხე”, და “კუჭ – ნაწლავის ტრაქტი ხილული პათოლოგიის გარეშე”, “ინტოკსიკაციის გამორიცხვის შესახებ”, ბრალდებები, რომ პაციენტი არ ემორჩილება და ა.შ.
ბატონი ჩხაიძე და მისი კლინიკის მესვეურები უხეშად არღვევენ პაციენტის უფლებებს, ასევე საერთაშორისო სამედიცინო ეთიკის სტანდარტებს, რითიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ პაციენტ სააკაშვილს, და ცდილობენ ცენტრი “ემპათიას" დისკრედიტაციას.
ჩხაიძის განცხადებები, არის სიყალბე და ტყუილი. პატიმარი – პაციენტის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება იუსტიციის სამინისტროს და კლინიკა “ვივამედ” -ს. ჩხაიძის მცდელობა, იძულებული გახადოს ცენტრი “ემპათია” მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაში, რაღა თქმა უნდა, კრახით დასრულდება. შევახსენებთ ჩხაიძეს და მთლიანად კლინიკა “ვივამედს" ექიმის ფიცის ქვაკუთხედია: “არ ავნო”." - წერს ჯიშკარიანი.
ცნობისთვის, “ვივამედის“ დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გუშინ განაცხადა: ”მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, ჩვენი პირველი მთავარი ამოცანაა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ნუ გვიშლიან ამაში ხელს".
0
0