
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. მათი თქმით, ბარამიძის სიტყვები შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჯერ იაგო ხვიჩიასთან პოდკასტში თქვა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ, საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ კი ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც განაცხადა, რომ ტყვეებს ხალხი ხოცავდა.
"ჩვენ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გქონდათ მტერთან და ჩვენებს არა ჰყავდათ ტყვეები, ეს ჩვეულებრივი ამბავია. იქაც ვთქვი, როდესაც ადამიანს მამას, შვილს, ბიძაშვილს, ახლობელს მოგიკლავენ, სულ არ არის გასაკვირი, მათგან ასეთი ქმედება, რომ არ დაინდოს მტერი და ეს ჩვეულებრივი ამბავია.
როდესაც ომი დაიწყო, ქართველების მხრიდან ტყვეობაში აღმოჩნდნენ ჩვენი მეომრები, კერძოდ ე.წ. მეფარიშვილის ბატალიონის წევრები. როდესაც პირველ კვირებში მოწინააღმდეგე მხარე გთხოვდა, რომ ჩვენც გადაგვეცა ვიღაცა, ჩვენ არ გვყავდა ტყვეები და ამასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ჩვენები ხვრეტდნენ-მეთქი, ანუ ჩვენები არ ინდობდნენ მტერს და ეს ბუნებრივია, როცა ომის დროს მტერს არ დაინდობ.
გასაკვირიც არ არის, რომ რუსული მხარე ამხელა შეიარაღებით და სამხედრო ტრადიციებით ყოფილიყო ბევრად უფრო მომზადებული და ჩვენ მხარეს, მაგალითად, ოჩამჩირეს ფრონტზე, სადაც მე ვიყავი, ძირითადად იბრძოდნენ მოხალისეები, არარეგულარული ქართული ჯარი და მხედრიონი, რომელიც ასევე არარეგულარული ქართული ჯარი იყო. შესაბამისად, იქ ჩვეულებრივი ადამიანების მოქმედება, ემოცია პირველ კვირებში თუ პირველ პერიოდში, ვერანაირად ვერ განიხილება ვერც სახელმწიფოს დანაშაულად და ვერც ჯარის დანაშაულად. ეს მოვყევი, ეს ავხსენი, რომ პირველი პერიოდი ჩვენ გაცილებით ნაკლები ტყვეები გვყავდა, ვიდრე იმათ," - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
0
0