
დღეს ჩვენ ვიხილეთ ჩვენი შეიარაღებული ძალების, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი, რომლებიც წარმოდგენილი იყო აღლუმის დროს და ვნახეთ ქართველი ჯარისკაცები, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს, წვევამდელები, რომლებიც მათ შორის არასავალდებულო გაწვევით, არამედ საკუთარი ნებით მიდიან ქართულ ჯარში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მთავარია, ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მოტივაცია, იმსახურონ ქართულ ჯარში.
„ამისთვის მივიღეთ ახალი „თავდაცვის კოდექსი“, რათა როგორც სამართლებრივად, ისე სხვა მხრივ ყველანაირი პირობა შეექმნას ჯარისკაცს, წვევამდელს, რომ იმსახუროს ჯარში. თანამედროვე გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მიუხედავად ყველა ტექნოლოგიისა, საბოლოო ჯამში, ყველა ომში დგება ჯარისკაცი და ადამიანი. ჩვენ ყველამ უნდა ვიგრძნოთ თავი, როგორც ამ ქვეყნის ჯარისკაცები და ეს არის მთავარი ამოცანა, რომ თითოეულმა ქართველმა თავი იგრძნოს საქართველოს ჯარისკაცად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0