
კიდევ ერთი დასტური, რომ ქართული მართლმსაჯულება მაღალი სტანდარტით მუშაობს - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დაუშვებლად გამოაცხადა ყველა ის საჩივარი, რომლებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე იყო შეტანილი. სტრასბურგი იზიარებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მტკიცებულებებით გამყარებულ სამართლებრივ პოზიციას და უარს აცხადებს მიიღოს საჩივრები საქმეებზე სახელწოდებით: "ფირცხალავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" და ასევე, "გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ". მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში მათი საქმეების განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო მიკერძოებული.
გადაწყვეტილებაში, სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიმოიხილა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლიდან მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმები. მათ შორის: მოსამართლეთა უვადო დანიშვნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის გაძლიერება, მოსამართლეთა შერჩევისა და თანამდებობაზე განწესების პროცედურები.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, საჩივართან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან მის შინაარს არ იცნობს, თუმცა მოსამართლეების არჩევის პროცესს ვერცერთი თვალსაზრისით დამოუკიდებლად ვერ მიიჩნევს.
"არ ვიცი, საჩივარი კონკრეტულად რას ეხებოდა და ამაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. უბრალოდ, ჩვენთვის მოსამართლეთა არჩევა ვერცერთი თვალსაზრისით დამოუკიდებლად მიჩნეული ვერ იქნება. ეს შეფასება პროცედურულად ეფუძნება იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიიღო, ეს იყო ევროპული რეკომენდაციები და შესრულდა. კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც, მათ შორის, 2012 წლის შემდეგ გადაიდგა, რადგან ამას ევროპული ინტეგრაცია მოიცავდა. თუმცა, ამის შემდეგ ჩვენ ევროპული ინტეგრაციის გზას ჩამოვშორდით, ამიტომაც ახლანდელი მდგომარეობა არის თვისებრივად განსხვავებული. სამწუხაროდ, ამ პროცედურებს და ამ კონკრეტულ რეფორმებს შედეგი არ მოჰყოლია", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
0
0