
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადებით, მათთვის „ცნობილია“ ილონ მასკის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მან თქვა, რომ „არავინ არც კი ცდილობს“ პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის მოკვლას. მოგვიანებით, მასკმა პოსტი წაშალა და თქვა, რომ ეს ხუმრობა იყო.
„პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს დაზვერვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საიდუმლო სამსახური იძიებს ყველა იმ საფრთხეს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან,“ - განუცხადა BBC-ის აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა.
ილონ მასკის პოსტი X-ზე დონალდ ტრამპის სავარაუდო მკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოქვეყნდა. X-ზე პოსტის წაშლის შემდეგ, მასკმა კვლავ დაწერა: „როგორც ჩანს, ხუმრობები ნაკლებად სასაცილოა, თუ ადამიანები ვერ ხვდებიან კონტექსტს და ტექსტს გრაფიკული სიმბოლოებით აღიქვამენ".
მასკის კომენტარები X-ის ბევრმა მომხმარებელმა გააკრიტიკა. მათი თქმით, ეს პოსტი აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ წაქეზების ფორმაა. ასევე ილონ მასკის პოსტი თეთრმა სახლმა დაგმო და განაცხადა, რომ "ამგვარი რიტორიკა შეურაცხმყოფელია".
„ძალადობა არასოდეს არ უნდა წახალისდეს და ამ თემაზე ხუმრობაც დაუშვებელია. ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა იყოს პოლიტიკური ან რაიმე ფორმის ძალადობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც BBC-ი წერს, ამერიკელი მილიარდერი ტრამპის ახლო მოკავშირეა, რომელმაც პირობა დადო, რომ, თუ მას აშშ-ის პრეზიდენტად მეორედ აირჩევენ, მასკს „მთავრობის ეფექტურობის კომისიის“ ხელმძღვანელად დანიშნავს.
0
0