04/11/2022
15:15
მსოფლიო
რუსეთის ერთობის დღესთან დაკავშირებით, დიმიტრი მედვედევი საკუთარ „ტელეგრამ არხზე“ მიმართვას ავრცელებს.
„რატომ არის ჩვენი საქმე მართალი, პასუხები მარტივ კითხვაზე“ - ამ სათაურით რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რამდენიმე კითხვა დასვა და თავადვე უპასუხა.
მისი განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ მომაკვდავი სამყაროს ნაწილია. „ეს არის შეშლილი ნაცისტი ნარკომანების ჯგუფი, მათ მიერ ეიფორიაში შეყვანილი, დაშინებული ადამიანები და დასავლეთის მყეფარე ძაღლების დიდი ხროვა. მათთან ერთად არიან ღრუტუნა ღორების ხროვა და დანგრეული დასავლეთის იმპერიის ვიწროდ მოაზროვნე მკვიდრნი, რომელთაც გადაგვარებისგან ნიკაპზე ნერწყვი მოსდით. მათ რწმენა და იდეალები არ აქვთ, მათ მიერ გამოგონილი უხამსი ჩვევებისა და მათ მიერ ჩანერგილი ორმაგი აზროვნების სტანდარტების გარდა, რომლებიც ნორმალური ადამიანებისთვის მინიჭებული ზნეობას უარყოფენ. მაშასადამე, მათ წინააღმდეგ ამხედრების შემდეგ, ჩვენ საკრალურ ძალას შევიძინეთ“, - წერს მედვედევი.
„რისთვის ვიბრძვით? ვინ იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ? სად არიან ჩვენი ძველი მეგობრები? დიდხანს ჩუმად რატომ ვიყავით? ჩვენ ვებრძვით მათ, ვინც გვძულს, ვინც ჩვენს ენას კრძალავს, ჩვენს ღირებულებებსა და რწმენასაც კი, ვინც ჩვენი სამშობლოს ისტორიის მიმართ სიძულვილს ავრცელებს.
ზოგიერთმა შეშინებულმა პარტნიორმა დაგვტოვა - მათთვის მიგვიფურთხებია. ესე იგი ჩვენი მეგობრები კი არ ყოფილან, არამედ უბრალოდ შემთხვევითი თანამგზავრები, მლიქვნელები და მუქთამჭამელები. მშიშარა და გაუმაძღარი მოღალატეები შორეულ ქვეყნებში გაიქცნენ - დაე, მათი ძვლები უცხო ქვეყანაში ჩალპეს. ისინი ჩვენ შორის აღარ არიან, ჩვენ კი გავძლიერდით და გავსუფთავდით.
უდროობისგან სუსტნი და გამოფიტულნი ვიყავით. ახლა კი ბოლო ათწლეულების სიზმრისგან გამოვფხიზლდით, რომელშიც ყოფილი სამშობლოს სიკვდილმა ჩაგვძირა. სხვა ქვეყნები, უკუნეთის მბრძანებლების, მონათმფლობელებისა და მჩაგვრელების მიერ გაუპატიურებულნი, რომლებიც თავიანთ ამაზრზენ კოლონიალურ წარსულზე ოცნებობენ და მსოფლიოში თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნება სურთ, ჩვენს გამოღვიძებას ელოდნენ.
ბევრ ქვეყანას მათი სისულელეების დიდი ხანია, არ სჯერა, მაგრამ მათი მაინც ეშინია. მალე ისინი საბოლოოდ გამოიღვიძებენ. და როდესაც ძირმომპალი მსოფლიო წესრიგი დაინგრევა, ის ყველა თავის ამპარტავან ქურუმს, სისხლისმსმელ ადეპტს, მსახურსა და მუნჯ მანქურთს ნამსხვრევების მრავალტონიანი გროვის ქვეშ მოიყოლებს.
ჩვენი იარაღი რაში მდგომარეობს? იარაღი შეიძლება, სხვადასხვა იყოს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ყველა მტერი ცეცხლოვან ჯოჯოხეთში გავუშვათ, მაგრამ ეს ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენ შემოქმედის სიტყვებს გულში ვუსმენთ და მათ ვემორჩილებით. ეს სიტყვები წმინდა მიზანს გვაძლევს. მიზანი ჯოჯოხეთის უზენაესი მმართველის შეჩერებაა, არ აქვს მნიშვნელობა რა სახელს გამოიყენებს - სატანას, ლუციფერსა თუ იბლისს.
რადგან მისი მიზანი სიკვდილია. ჩვენი მიზანი კი სიცოცხლე. მისი იარაღი სიცრუეა. ჩვენი იარაღი - სიმართლე. ამიტომაა ჩვენი საქმე მართალი. გამარჯვება ჩვენი ამიტომ იქნება! გილოცავთ დღესასწაულს!“ წერს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი.
0
0