30/04/2023
21:11
პოლიტიკა
ჩვენი სურვილია, საქართველოში პლებისციტური დემოკრატია დამყარდეს, რადგან პლებისციტური დემოკრატია სახალხო დემოკრატიის უმაღლესი ფორმაა - ამის შესახებ, მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა, რესპუბლიკის მოედანზე, გამართულ აქციაზე განაცხადა.
"მოვდივარ!
ჩვენი ქვეყანა!
ჩვენი სამშობლო!
ჩვენი საქართველო!
რა გინდათ?! რა დაგიშავათ ამ დალოცვილმა მხარემ?!
რევოლუციის დაანონსება, ხელისუფლებების ძალადობრივი გზით ცვლა, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, დამცირება და შეურაცხყოფა, უმადურობა და ვანდალიზმი, დაუსაბუთებელი სანქციები, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება და პოლარიზაცია, მუდმივი რყევა და სიმშვიდის დასამარება, „მეხუთე კოლონის“ პარპაში, დანიშნული ცრუ „ელიტა“, უპრინციპო და ანგარებიანი პოლიტიკოსები, მოსყიდული მედია, ფსევდო სამოქალაქო სექტორი და ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკი...
ეს უკვე ვნახეთ!!!
ეს საგანგაშოა!!!
ეს აღარ მოხდება!!!
ჩვენს უკან შვილები, ოჯახები, საქართველოა!!!
მოვედით, რათა ყველას გავაგონოთ, რომ ვართ ცივილიზაციის ნაწილი, რომელიც ათასწლეულებს ითვლის!
მოვედით ხალხი, რომელმაც საუკუნეების წინ, კაცობრიობას ლითონის დამუშავების საიდუმლო უბოძა...
მოვედით, იმ წინაპრის შთამომავალი, კაცობრიობიდან პირველმა, ვაზისგან ღვთაებრივი სასმელი რომ დაწურა და მას სახელად ღვინო დაარქვა... ქართული პოლიფონია, ცეკვა და სუფრის ტრადიცია კი მთელ მსოფლიოში განუმეორებელი მოვლენაა.
მოვედით, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერებისა და სამი ანბანის მქონე ერის შთამომავალი...
მოვედით, როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყნის შვილები...
მოვდივართ ქვეყნიდან, რომელიც დევნილს მასპინძლობას უწევდა და მათ რელიგიურ და ეროვნულ კუთვნილებას არ განასხვავებდა.
ჰკითხეთ ჩვენს ებრაელ, სომეხ, აზერბაიჯანელ მეგობრებს, ან ახლახან, თავშესაფრის მიმღებ უკრაინელებსა და რუსებს - როგორი ქვეყანაა საქართველო?
და პასუხს როცა მიიღებთ, დაფიქრდით...
ქართული ფენომენი რამდენიმე ათასწლეულს ითვლის და ბევრისთვის დღესაც საიდუმლოდ რჩება, თუ როგორ მოვახერხეთ გადარჩენა და იდენტობის შენარჩუნება...
100,000 მოწამის ქვეყანას ქრისტეს სანთელი საუკუნეებია უღალატოდ და ჩაუქრობლად ეჭირა. საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ერთ-ერთმა პირველმა აღიარა და უკვე მე-4 საუკუნეში სახარება ქართულად ითარგმნა. ეს ჩემი ქვეყანაა!
ფიზიკური განადგურების ზღვარზე ხშირად ვყოფილვართ... და მაინც მკვდრეთით აღვდგებოდით, ვმღეროდით, იმედით და რწმენით ერთმანეთს ვამაგრებდით. ქართველი სამშობლოს ვალს არადროს ივიწყებდა და მაინც შევძახებდით:
„ჩემო კარგო ქვეყანავ“
„ცა-ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო“
„არწივი ვნახე დაჭრილი“
„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა“
„მირბის მიმაფრენს“
„უსიყვარულოდ მზე არ სუფევს“
ო, ენავ, ჩემო, დედაო ენავ“
აი, ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო!
და გეკითხებით: გასაკვირია განა დედის, ოჯახისა და ქვეყნის სიყვარული?! გასაკვირია სამშობლოს გამო ღელვა და წუხილი?!
ჩვენ გვესმის ამ გამოწვევის, ამ ბრძოლის არსი.
ეს ბოროტის და კეთილის საუკუნოვანი ბრძოლაა!
ეს ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლაა!
ღმერთი არ მარცხდება!
ღმერთი იმარჯვებს!
ჩვენი არჩევანი საუკუნეების წინ, ღმერთის, სიკეთის და სიყვარულის სასარგებლოდ გავაკეთეთ.
მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართ!
ყველა ნორმალური ქვეყნის ლიდერები თუ ჩვეულებრივი ადამიანები საუბარს იწყებენ და ასრულებენ სიტყვებით: ღმერთო დაიფარე ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანაო!
თურმე საერთოც გვქონია - ჩვენც ასე ვამბობთ: ღმერთო, დაიფარე ქართველი ხალხი და საქართველო!
ჩვენ ვართ მშვიდობიანი ერი! ჩვენი ნებაა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს!
ჩვენ ევროპული თანამეგობრობის წევრობა იმისთვის გვსურს, რომ ქართველი ერი სიღარიბეს დაუსხლტეს და საკუთარ სამშობლოში უკეთესი განათლება, ჯანდაცვა, შრომის ღირსეული ანაზღაურება მიიღოს.
გვსურს, რომ ჩვენი პენსიონერები, მრავალწლიანი შრომის და გარჯის შემდეგ, ცხოვრებას ლაღად და ღირსეულად აგრძელებდნენ, ისე, როგორც ეს ევროპაშია. თუ მოულოდნელად სადმე მისტერ ოფშორი არ გამოჩნდება და ყველას პირწმინდად არ გაძარცვავს.
ევროკავშირის წევრობის დაპირება ქვეყნის შანტაჟის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს!
არ მოგვწონს ევროპული ღირებულებების და იდეების დეგრადაცია, რაც დღეს ევროპაში ხდება. იმის ნაცვლად, რომ ეროვნული სახელმწიფოს შეენებაში დაგვხმარებოდით, ყალბი ღირებულებების თავზე მოხვევით რაც გვაქვს იმის დანგრევას მოითხოვთ.
დღეს საქართველო დაჭრილია, ტრამვირებულია, მისი სხეულის ნაწილი ოკუპირებულია. ჩემი გენი, ჩემი სისხლი და ხორცი მავთულხლართს იქეთ მოექცა. ყველამ იცოდეს, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა ერთიანი საქართველოსთვის ღია ჭრილობად რჩება. ეს არის ჩვენი მთავარი საწუხარი და ამას მინდა ვუშველოთ! შერიგება და ქვეყნის გამთლიანება ერთიანი ღირებულებითი და კულტურული სივრცის გარეშე შეუძლებელია.
ეს ურთიერთობები ორმხრივია! ჩვენც გვაქვს პირობები და მოთხოვნები და ახლა პირდაპირ გეტყვით, რა ფასის გადახდაზე არ ვართ თანახმა:
• ჩვენ არ ვიტყვით უარს ღმერთზე და არ დავიწყებთ მისთვის „კორექტული“ გენდერული იდენტობის შერჩევას!
• ჩვენთვის დედა იქნება დედა, მამას კი ისევ მამას დავუძახებთ - ყოველგვარი ნუმერაციის და XY-ის გარეშე!
• ჩვენთვის ოჯახი იქნება მამაკაცის და ქალის კავშირი
• ჩვენ არ დავუშვებთ ბავშვების და ახალგაზრდების გაუკუღმართებული გენდერული დისციპლინებით და მათ იდეოლოგიურ მოწამვლას.
• ჩვენ სიცოცხლის მომხრენი ვართ და უარს ვამბობთ იმ კაცთმოძულე დღის წესრიგზე, რომელიც შობადობას ამცირებს და ქართველი ერის გაქრობას უწყობს ხელს.
ჩვენ ვართ მშვიდობის, ვაზის, ხელოვნების, ლხინის, სიყვარულის და სრულფასოვანი სიცოცხლის კულტურის შვილები და ამიტომაც, უარვყოფთ ყველაფერს, რაც სიკვდილის კულტივირებას უკავშირდება!
შევეწინააღმდეგებით ყველაფერს, რაც სიკვდილს უკავშირდება:
• აბორტები
• ლგბტ პროპაგანდა
• ნარკოტიკები
• ქალის ოჯახისგან მოწყვეტის სპეცპროექტები
• ევთანაზია
• უმცირესობის დიქტატი უმრავლესობაზე
და თუ თქვენ, შეეცდებით ჩვენს გადაკეთებას, ჩვენთვის უცხო და მიუღებელი ქცევის შაბლონების თავს მოხვევას, ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ადათის წაშლას, მიუღებელი ქცევის წესების დანერგვას, იცოდეთ, თქვენ საქართველოსაც დაკარგავთ და საკუთარ თავსაც!
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა!
მიიღეთ ისე, რომ მისი მადლი სულ ოდნავ მაინც თქვენზეც გადმოვიდეს!
გაიგებდით, "არ ცოდნა, არ ცოდვაა" - ოდესღაც ალბათ ეს ასეც იყო, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც პლანეტაზე დრამატული პროცესებია, რომლის გეოპოლიტიკურმა ტექტონიკამ შეიძლება მოსპოს ეროვნული სახელმწიფოები და ერებიც კი, შენ არ გაქვს უფლება, შენი უცოდინარობით, აგრესიული ქმედებებით საკუთარი ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენო!
ერთია, როდესაც შეცდომას, რომელიც ხშირად დანაშაულზე მეტია, ახალგაზრდა, გამოუცდელი ადამიანი უშვებს, მაგრამ გაცილებით მძიმეა, როცა ახალგაზრდების გულწრფელობას და მათ სასიცოცხლო ენერგიას პოლიტიკანები და უცხოეთიდან დანიშნულ-დაფინანსებული ცრუ „სამოქალაქო აქტივისტები“ იყენებენ.
ამაზრზენია, როდესაც თითქოს განათლებული ადამიანი, სატელევიზიო ეთერში ომის პროპაგანდას ეწევა და გვარწმუნებს, რომ ზოგჯერ, მშვიდობაზე მეტად, მას ომი უნდა სწყუროდეს!
და ასეთ შემთხვევაში ვიღებთ მძიმე სურათს, როდესაც ენერგია, რომელიც ქვეყნის და საკუთარი თავის განვითარებისთვის და ბედნიერებისთვის არის ბოძებული, იხარჯება ქვეყნის დაქცევისა და თვითგანადგურებისთვის!
თუ რამე მისახედია ჩვენს ქვეყანაში ეს განათლების სისტემაა! უცხოეთიდან ნაკარნახებმა რეფორმებმა არ გაამართლა და საქართველოში განათლების დონე უმოწყალოდ ეცემა. ჩვენი შვილების უმრავლესობა სკოლებში ვეღარ იღებს კლასიკურ განათლებას, სისტემა ზედაპირული ცოდნის და უნარების ათვისებაზეა მომართული. უმაღლესი კლასის სპეციალისტების გამოშვება იშვიათი მოვლენაა. ეს ქვეყანას ძვირი უჯდება და მომავალში უფრო ძვირი დაუჯდება. უნივერსიტეტებში ნეოლიბერალური იდეოლოგიით ინდოქტრინაცია მიუღებელია. ეს უნდა შეიცვალოს!
საქართველოში დემოგრაფიული კრიზისია. აუცილებლად მიგვაჩნია, დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად ქმედითი ზომები გატარდეს.
ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს ლეგიტიმაცია უკვე აღარ აქვს. მათ შორისაა პრეზიდენტიც.
ქალბატონო პრეზიდენტო, ნუთუ ვერ ხვდებით იმას, რომ თქვენ აღარ ხართ იმ ხალხის ინტერესების გამომხატველი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, თქვენს მხარდასაჭერად ორჯერ გავიდა არჩევნებზე?! ჩვენ აგირჩიეთ იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობის გარანტი ყოფილიყავით. კრიტიკულ სიტუაციაში ცეცხლზე ნავთი დაასხით და სიმშვიდის ნაცვლად საზოგადოებაში შფოთი შემოიტანეთ. თქვენ საკუთარ ამომრჩეველს უღალატეთ და არადექვატური, ქვეყნისთვის დამანგრეველი, დესტრუქციისთვის ხელოვნურად შექმნილი ძალის მხარეს დადექით! და ამიტომაც უნდობლობას გიცხადებთ! ჩვენგან ლეგიტიმაცია აღარ გაქვთ!
აქედან გამომდინარე, ლეგიტიმაციის არმქონე პოლიტიკოსებს, ცრუ არასამთავრობო სექტორს და გაყიდულ მედიას მომავალს ვერ ვანდობთ! აღარ გენდობით!!!
გადაწყვეტილებას ქვეყნის მომავლზე მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი უნდა იღებდეს!
დღეს კაცობრიობის ეპოქალური ტრანსფორმაციის პერიოდია. მას ჩვენთვის ბევრი საფრთხე მოაქვს, მაგრამ ასევე მოაქვს შესაძლებლობებიც. ჩვენი ვალია, დიდი ილიას მთავარი პრინციპი: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ აღვასრულოთ!
ჩვენი სურვილია, საქართველოში პლებისციტური დემოკრატია დამყარდეს, რადგან პლებისციტური დემოკრატია სახალხო დემოკრატიის უმაღლესი ფორმაა. პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს, პლებისციტის გზით, აზრის გამოხატვის შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან ავიცილოთ. ანუ ქვეყნის ცხოვრებაში საზოგადოების როლი და ჩართულობა გადამწყვეტი ხდება.
მივმართავთ ხელისუფლებას, რომ დაცული იყოს კანონის უზენაესობა და სამართლიანობის პრინციპი: არ შეიძლება, რომ ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯისთვის მოქალაქეს პატიმრობა ემუქრებოდეს, ხოლო მოძალადე, რომელიც მოლოტოვის კოქტეილით სამართალდამცველს უსწორდება, სამშვიდობოს გაუშვა!
აი, ახლა კი ჩვენი მოთხოვნები!
1. ხელისუფლებისგან ვითხოვთ: კანონი ყველას მიმართ თანაბრად აღასრულოს, მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა ორიენტაციისა! ჩვენ კანონის წინაშე არავის პრივილეგიებს არ ვცნობთ!
2. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან ავიცილოთ.
3. მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან 2004-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებლივი შეფასება მისცეს და შესაბამისი სამართლებლივი მექნიზმებით აღასრულოს.
4. ხელისუფლებამ იზრუნოს სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს, სიღარიბეს აღმოფხვრის და ქვეყნიდან ხალხის გადინებას, საქართველოს დემოგრაფიულ დაცლას გააჩერებს.
5. ევროკავშირისგან და ყველა ქვეყნისგან მოველით საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემას და შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას. აუცილებელია საქართველოს მიმართ ურთიერთობების ურთიერთპატივისცემის და პარტნიორობის რეჟიმში გადაყვანა.
6. შემოვიღოთ სკოლებში კლასიკური განათლება. შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება უმაღლეს სასწავლებლებსა თუ სკოლებში.
7. დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა დაიწყოს.
8. აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0