
ვენეციის კომისია მზად არის, კიდევ ერთხელ ყველანაირად დაუჭიროს მხარი საქართველოს თავისი კონსულტაციით, მოსაზრებებით გზაზე, რომელიც საქართველომ აირჩია ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკლ ფრენდომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს საქართველოში ვიზიტისას ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდათ, რა დროსაც ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
„ნაყოფიერი და ხანგრძლივი დღე გვქონდა, შევხვდით ხელისუფლების ყველა ძირითადი ორგანოს და შტოს წარმომადგენელს, შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, საქართველოს პრეზიდენტს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ჩვენ გვქონდა გულწრფელი საუბარი. ჩვენი დანიშნულებაა, საქართველოს ვაჩვენოთ ერთგულება გზაზე, რომელსაც საქართველო გადის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით.
ვისაუბრეთ რეკომენდაციებზე, რომლებსაც ვენეციის კომისია გამოსცემს და მათ შესრულებაზე. ეს რეკომენდაციები გახლავთ მინიშნებები, ასევე წითელი ხაზებიც არის მოცემული, თუმცა როგორ აირჩევს საქართველო რეკომენდაციების შესრულების გზებს, ეს მისი გადასაწყვეტია.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ ვართ ექსპერტების ჯგუფი და ჩვენი დანიშნულება არ არის, ვუკარნახოთ, რა უნდა გაკეთდეს, არამედ დიალოგის გზით, საქართველოსთან ერთად ვიმოგზაუროთ ამ გზაზე. ყველა საუბარში, რომელიც გვქონდა პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, აღვნიშნეთ ჩვენი მილოცვა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული დადებითი დასკვნის გამო. ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს შემადგენელი ორგანო, მაგრამ ევროკავშირი ხშირად უთითებს ხოლმე ვენეციის კომისიის დასკვნაზე და ვენეციის კომისია მზად არის, კიდევ ერთხელ ყველანაირად დაუჭიროს მხარი საქართველოს თავისი კონსულტაციით, მოსაზრებებით ახალ გზაზე, რომელიც საქართველომ აირჩია ევროკავშირისკენ“, – განაცხადა მაიკლ ფრენდომ.
0
0