
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მოთხოვნები ელემენტარული იყო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ატეხა ისტერია და გააფუჭა ურთიერთობა.
ამასთან, ბუჩუკურის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი „გახარია საქართველოსთვის“ მიმართვა „ნაცმოძრაობის“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიმართვისგან შინაარსობრივად განსხვავებული იყო.
ანა ბუჩუკურის განმარტებით, პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის პოზიცია ყოველთვის იყო განსხვავებული და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ისეთი რეაგირებები მოხდეს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ნაკლებად შეეხება საქართველოს მოქალაქეებს და კონკრეტულ ინდივიდებს დააკისრებს პასუხისმგებლობას.
„გამოჩნდება, რას გადაწყვეტენ. ფაქტობრივად, ელემენტარული მოთხოვნების გამო ატეხა „ოცნებამ“ ისტერია. კერძოდ, პასეს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მოთხოვნილ იქნა მართლაც ელემენტარული – ნუ სცემთ ახალგაზრდა ბავშვებს, გააუქმეთ ის რაღაც სადამსჯელო კანონები და დანიშნეთ ახალი არჩევნები ამ კრიზის განსამუხტადო. ამათ კი დაიწყეს ფეხების ბაკუნი და ფაქტობრივად, დაანგრიეს და მოსპეს ის ურთიერთობა.
ევროპის საბჭო არის პირველი საერთაშორისო ევროპული ორგანიზაცია, რომლის წევრიც გახდა საქართველო. ფეხის ბაკუნით და ისტერიკულად, ელემენტარული მოთხოვნების შესრულება არ უნდოდათ. მოთხოვნები რა, რეკომენდაციები პასეს მხრიდან – სთხოვდნენ, ნუ სცემთ ახალგაზრდებს, შეეშვით ადამიანების ჩაგვრას და კრიზის განსამუხტად გირჩევთ, დანიშნოთ ახალი არჩევნები. ეს რეკომენდაციები მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან და ფეხის ბაკუნის, ისტერიის გამო გამოვიდნენ, გააკეთეს განცხადება, ჩვენ თქვენთან ურთიერთობას ვაჩერებთო, ეს ახლა ნორმალურია? რაში ჯდება? დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენი წარმომადგენელი დღეს იქ არ არის, ვერ გეტყვით სხვა ოპოზიციაზე. იცით, რომ მათ ერთობლივად გააკეთეს მაშინ მიმართვა. დაველოდით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ ყოველთვის განსხვავებული პოზიცია გვქონდა, მათ შორის პასესადმი მიმართვა იყო განსხვავებული. „ნაცმოძრაობის“ და კიდევ რამდენიმე პარტიის მიმართვა იყო განსხვავებული შინაარსის, ნამდვილად ვადასტურებ. ვერ გეტყვით, დანარჩენი ოპოზიცია რას აპირებს. ჩვენ ცალკე გვქონდა სხვა შინაარსის წერილი გაგზავნილი, პრინციპში საჯაროა და შეგიძლიათ ნახოთ, დანარჩენ ოპოზიციას სხვა შინაარსის. არ ვიცი და ვერ გეტყვით, სხვა ოპიზიცია რას აპირებს დამატებით. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენი გუნდის პოზიცია ყოველთვის იყო განსხვავებული, მით უმეტეს საერთაშორისო ასპარეზზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი რეაგირებები მოხდეს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ნაკლებად შეეხება საქართველოს მოქალაქეებს და კონკრეტულ ინდივიდებს დააკისრებს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 იანვარს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველო, როგორც სახელმწიფო, რჩება ევროპის საბჭოს წევრად.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა მაშინ განაცხადა, რომ კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებული პირველი დათქმა, რომელიც „სცილდება ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს“.
0
0