07/04/2023
16:11
პოლიტიკა
„ბუნებრივია, ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ასევე ვისაუბრეთ რთულ ვითარებაზე, რომელიც არის უკრაინაში ომის გამო,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, ბუნებრივია, ზრდის რისკებს ქვეყნებისთვის.
„ასეთი გამოწვევა არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველი მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები, მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს ჩვენს ხალხებს. ამ ნაწილში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს. ჩვენ გვინდა მეტი პროექტები განვახორციელოთ, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს, დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ერებს.
ასევე, მინდა ვთქვა, რაც უკვე ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, შუა დერეფნის განვითარების შესახებ. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად, კოორდინირებულად ამ მიმართულებით. ჩვენი სურვილია, რომ წლების განმავლობაში, უახლოეს მომავალში ყველა ის ბარიერი მოიხსნას, უნდა განვავითაროთ ერთობლივად ინფრასტრუქტურა, იქნება ეს პორტები, რკინიგზა. იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ წელს ახალი პორტის მშენებლობა, ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე ჩვენ დაახლოებით ერთ წელში დავასრულებთ რკინიგზის გაფართოების პროექტს. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმართულებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს და გაზრდის ტვირთბრუნვას ჩვენი რეგიონის მიმართულებით. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი.
მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება. რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება, უფრო მეტი პროექტების განხორციელება, და ჩვენ ასეთი თბილი მეგობრობით, ძმობით მჯერა, რომ ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს მასპინძლობისთვის. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს თქვენი ქვეყანა აღნიშნავს თქვენი ძვირფასო მამის, ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს. თქვენ ხართ ჩვენთვის მეგობარი ადამიანი. ბატონი ჰეიდარ ალიევი ასევე იყო ძალიან დიდი მეგობარი ჩვენი ქვეყნის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ვუსურვო აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა. დიდი მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0