
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსამართლეები, რომლებზეც გავრცელდა სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არიან პროფესიონალები, ემსახურებიან ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს გაძლიერებას.
ღარიბაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისი აზრით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მოსამართლეების პროფესიულ მომავალზე რაიმე გავლენა არ ექნება.
„ყველა ეს მოსამართლე, რომელზეც გავრცელდა გადაწყვეტილება, მე ვიცი და ყველამ იცით, რომ არიან ძალიან მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მოსამართლეები, რომლებიც მთელი თავისი შეგნებით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აღნიშნულს არ ექნება რაიმე გავლენა.საერთოდ, მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ყველა ხელისუფალის, თითოეული მოქალაქის ვალდებულება უნდა იყოს და ჩვენი მოვალეობა არის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მოსამართლეებს მათი ინტერესების დაცვასა და სასამართლოს დაცვაში. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ამას ვაკეთებ და ხვალაც გავაკეთებ კიდევ უფრო მეტი შემართებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაეს სასამართლოში, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.
0
0