
როგორც BBC-ი წერს, საქართველოს პოლიციამ, დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობისას, ხუთი ადამიანი დააკავა.
„უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
კავკასიური ქვეყანა კრიზისშია მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება“ გასული წლის არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა, რასაც ევროკავშირის მომხრე ოპოზიციამ „გაყალბებული“ უწოდა. მას შემდეგ, მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეაჩერა.
მორიგი პროტესტი ადგილობრივი არჩევნების დღეს გაიმართა, რომელსაც ოპოზიცია ძირითადად ბოიკოტს უცხადებს მთავრობის მიერ განხორციელებული რეპრესიების გამო. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მუნიციპალიტეტში უმრავლესობა მოიპოვა, ხმების 80%-ზე მეტით. დაკავებულთა შორის იყო საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე. მანამდე, ბურჭულაძემ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, შეწყვიტონ მმართველი პარტიისადმი მორჩილება და იმოქმედონ საპროტესტო მოძრაობის მოთხოვნების შესაბამისად, მთავრობის ძირითადი ფიგურების დაპატიმრებით. მთავრობის განცხადებით, საავადმყოფოში 21 პოლიციელი და 6 მომიტინგე გადაიყვანეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის დამხობის მცდელობის შემდეგ „არავინ დარჩება დაუსჯელი“,” - ნათქვამია სტატიაში.
„მე და ჩემი მეგობრები აქციაზე მთლიანად შავებში გამოწყობილები, ჩაფხუტებითა და გაზის ნიღბებით მოვედით. თუ ფერად ტანსაცმელს ჩავიცვამთ, ჩვენი იდენტიფიცირება უფრო ადვილი იქნება, ხოლო თუ ისინი დაგვიფიქსირებენ, ციხეში წავალთ. მინდა, რომ „ქართული ოცნება“ წავიდეს. მინდა, რომ ჩემი ქვეყანა დავიბრუნოთ, მშვიდად ვიცხოვროთ და ჩემი მეგობრები, რომლებიც ციხეში, უკანონოდ დაპატიმრებულები არიან, გათავისუფლდნენ“, - განუცხადა BBC-ის 21 წლის იამ. მომიტინგე რუსთველის გამზირზე დამონტაჟებულ ხელოვნური ინტელექტის სათვალთვალო კამერებს გულისხმობდა. მან მმართველ პარტიას სარკასტულად „რუსული ოცნება“ უწოდა. ამ განწყობას იზიარებს მთავრობის მოწინააღმდეგე მომიტინგეების უმეტესობა.
ხელისუფლებამ „ქუჩების უკანონოდ გადაკეტვის“ გამო ასობით მომიტინგეს 5000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. რეგიონებში „ქართული ოცნების“ პარტია მხარდაჭერით სარგებლობს თავისი გზავნილით, რომ მას შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება, მაშინ როცა ურბანულ ცენტრებში ბევრი ქართველი თვლის, რომ მთავრობა რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
24 წლის მომიტინგემ [ირაკლი] ათონელის ქუჩიდან გაქცევის შემდეგ განაცხადა: “პრეზიდენტის სასახლესთან ბევრი ხალხი იყო, შემდეგ კი, უეცრად პოლიციელებმა გაზი გაუშვეს, ყველანი გამოვიქეცით, ძალიან ქაოსი იყო, პოლიცია ხალხს მისდევდა და აკავებდა. თვალები გვეწვოდა და სუნთქვა უფრო და უფრო გვიჭირდა. პრეზიდენტის სასახლის შტურმის მიზანი არ არსებობდა და ამაში რადიკალებს ვადანაშაულებ, რომლებიც საპროტესტო მოძრაობის ნაწილი არ იყვნენ.”
0
0