24/01/2026
14:49

აშშ-ის 2026 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის მიხედვით, ჩინეთი პენტაგონისთვის აღარ არის მთავარი პრიორიტეტი და ყურადღება სამშობლოსა და დასავლეთ ნახევარსფეროზე გადადის.
დოკუმენტში, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს, ნათქვამია, რომ აშშ-ის მთავარი პრიორიტეტი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა იქნება.
„2026 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, თუ ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს პეკინი მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნეოდა, ახლა პეკინი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში დამკვიდრებულ ძალად ითვლება, რომელსაც მხოლოდ აშშ-ზე ან მის მოკავშირეებზე დომინირებისგან თავის შეკავება სჭირდება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის ახალ დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ არ მისდევს იზოლაციონისტურ დღის წესრიგს, მაგრამ სურს, მოკავშირეებმა მეტი გააკეთონ.
დოკუმენტში საუბარია უკრაინაზეც და ხაზგასმულია, რომ უკრაინაში მშვიდობა , უპირველესად, ევროპის პასუხისმგებლობაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ბაიდენმა განაცხადა, უკრაინის რუსული აგრესიისგან დაცვა მთავარი პრიორიტეტია, ახალი სტრატეგიული დოკუმენტის თანახმად, ნატო-ს მოკავშირეებმა უნდა აიღონ წამყვანი როლი უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაში. უკრაინაში მშვიდობა, უპირველესად, ევროპის პასუხისმგებლობაა. ამერიკა უზრუნველყოფს „კრიტიკულ, მაგრამ უფრო შეზღუდულ მხარდაჭერას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, სტრატეგიაში რუსეთი აღწერილია, როგორც მუდმივი, მაგრამ მართვადი საფრთხე ნატო-ს აღმოსავლეთ წევრებისთვის. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მოსკოვი „არ არის პოზიციაში“, რომ ევროპული დომინირებისთვის იბრძოლოს.
„ევროპა კვლავ მნიშვნელოვანია, თუმცა მას გლობალური ეკონომიკური ძალაუფლების უფრო მცირე და შემცირებული წილი აქვს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ და დავრჩებით ჩართულები ევროპაში, ჩვენ უნდა პრიორიტეტად ვაქციოთ აშშ-ს დაცვა და ჩინეთის შეკავება“, – ნათქვამია სტრატეგიაში.
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში საუბარია, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი და ჩინეთის შეკავება ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
„დეპარტამენტი ჩინეთთან სტრატეგიულ სტაბილურობასა და დეესკალაციას დაუჭერს მხარს. თუმცა, ჩვენ რეალისტურად ვუდგებით ჩინეთის ისტორიულ სამხედრო გაძლიერებას. ჩვენი მიზანი ჩინეთზე დომინირება არ არის. ჩვენი მიზანი მარტივია: არ დავუშვათ, რომ ვინმემ, მათ შორის ჩინეთმა, ჩვენზე ან ჩვენს მოკავშირეებზე დომინირება მოახერხოს“, – წერია აშშ-ის 2026 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში.
1ტვ
0
0