
ჩვენი კონკრეტული გეგმა არის წინააღმდეგობა და ბრძოლა. ნებისმიერი თარიღი, იქნება ეს 4 ოქტომბერი, 10 ოქტომბერი, 19 სექტემბერი და ასე შემდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.
წითლიძის თქმით, „ხელისუფლებას როდესაც მიტაცებული აქვს არჩევნები, ხალხს აქვს უფლება, ქუჩაში გამოსვლით, მშვიდობიანი წინააღმდეგობით რეჟიმი ჩამოშალოს“.
„მე ყველგან ვამბობ და გავიმეორებ, რომ რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში უნდა დაემხოს, რუსი ოლიგარქი უნდა დაემხოს. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ რეჟიმი უნდა დაემხოს, ვგულისხმობთ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას, რომ ხელისუფლება როდესაც არ წარმოადგენს ხალხს და მიტაცებული აქვს არჩევნები, ხალხს აქვს უფლება, ქუჩაში გამოსვლით, მშვიდობიანი წინააღმდეგობით რეჟიმი ჩამოშალოს. მე პირადად ამ ინიციატივას, ცხადია, მხარს ვუჭერ.
რაც შეეხება მაგალითებს, 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“ ისე მოხდა, რომ ერთი ადამიანიც კი არ დაშავებულა, მამუკა მდინარაძეს შეუძლია, ეს გაიხსენოს. ჩვენი კონკრეტული გეგმა არის წინააღმდეგობა და ბრძოლა. ნებისმიერი თარიღი, იქნება ეს 4 ოქტომბერი, 10 ოქტომბერი, 19 სექტემბერი და ა.შ. ნებისმიერ აქციაზე, რომელიც იქნება მშვიდობიანი წინააღმდეგობა რეჟიმის ჩამოსაშლელად, ჩვენ ყველგან ვიქნებით ამ აქციებზე“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
0
0