28/06/2023
10:43
მსოფლიო
ჩვენი გზავნილი მინსკისთვის და მოსკოვისთვის ნათელია. ჩვენ დავიცავთ ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. ბოლო წლების მანძილზე საგრძნობლად გავაძლიერეთ კოლექტიური თავდაცვა. რუსეთში არ უნდა იყოს სივრცე არასწორი გათვლებისთვის, რადგან ჩვენ დავიცავთ ნატოს მოკავშირეებს ყველა პოტენციური საფრთხისგან, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ძალიან ადრეა დასკვნების გაკეთება, თუ სად იქნება ვაგნერის სამხედრო ძალა განლაგებული და ყველა იქნება თუ არა ბელორუსში. ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს. ყირიმის ანექსიის შემდეგ აღმოსავლეთ ფლანგი გავაძლიერეთ და ეს გადაწყვეტილება დროული და საჭირო იყო. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის სამხედრო ძალა გავაორმაგეთ. ბელორუსის მეზობელი სახელმწიფო ლიეტუვაა. მე ვიმყოფებოდი ლიეტუვაში და დავესწარი ნატოს ჯარების წვრთნებს. გერმანია მზადაა საკუთარი წარმომადგენლობა ლიეტუვაში გაზარდოს, რაც მისასალმებელია. ჩვენ გვაქვს გეგმები, ჩვენ გვაქვს გავლილი მომზადება, ნატოს აქვს ვალდებულება განალაგოს ჯარები წევრ ქვეყნებში, სადაც ამის საჭიროება იქნება. ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოს და მათი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. ნატოს მიზანი არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ კონფლიქტის თავიდან აცილებაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
0
0