16/01/2025
12:36
პოლიტიკა
ჩვენ „ქართული ოცნების“ სტრუქტურა და ბიძინა ივანიშვილის როლი სათანადოდ ვერ შევაფასეთ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ვერ გავაცნობიერეთ, რომ ოლიგარქის ხელში პარტია ჩვენს მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს ვერასდროს დააკმაყოფილებდა. მკაფიოდ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნება“ ჩემი პარტიის ოჯახს მიეკუთვნებოდა. კარგი თანამშრომლობა გვქონდა, ისინი ჩვენს პარტიულ ყრილობებს ესწრებოდნენ. „ქართული ოცნება“ ევროკავშირში პროგრესული პარტიების, სოციალ-დემოკრატებისა და სოციალისტების პარტნიორი იყო. ეს 2012 წელს დაიწყო და, რა თქმა უნდა, გვახარებდა ის, რომ გარკვეული პოზიტიური ცვლილებები იყო და გვქონდა შთაბეჭდილება, რომ ამ პარტიას სურდა და შეეძლო ქვეყანა სწორი მიმართულებით წარემართა. მაგრამ, ყოველთვის როცა აქ ვიზიტით ვიყავი, საქართველოს პარლამენტიდან რამდენიმე კოლეგა მეუბნებოდა: შეხედე ამ უზარმაზარ შუშის შენობას გორაკის თავზე. მას ვერასდროს შეხვდები, მაგრამ ის ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პირია. ბატონი ივანიშვილი ამ ქვეყანაში დომინანტი ფიგურაა და, რა თქმა უნდა, ის ძალიან მდიდარია“, - უპასუხა მიხაილ როთმა კითხვას იმის შესახებ, თუ სად დაუშვა შეცდომა დასავლეთმა „ქართული ოცნების“ კურსისა და პოზიციების შეფასებისას.
მისი თქმით, დასავლეთი„ქართული ოცნებას“ შანსს აძლევდა.
„ჩვენ „ქართულ ოცნებას“ შანსი მივეცით და მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც მოითხოვა, რომ ისინი ჩვენს სოციალ-დემოკრატიულ ოჯახში აღარ მიგვეღო. იმიტომ, რომ მეც, ისევე როგორც ბევრმა სხვამ, გავაცნობიერეთ, რომ თქვენს ქვეყანაში არსებულ მსგავს ქცევას პროგრესულ პოლიტიკასთან, სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკასთან და ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასე რომ, ჩვენ პარტიის სტრუქტურა და ბიძინა ივანიშვილის როლი სათანადოდ ვერ შევაფასეთ. ეს თვითკრიტიკის ნაწილია. ჩვენ ჩუმად ვიყავით, როცა რეჟიმი „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ საუბარს იწყებდა. ერთადერთი „გლობალური ომის პარტია“ არსებობს და ეს რუსეთია“, - განაცხადა მიხაილ როთმა.
0
0