
"ჩვენ ვერ მივიღებთ ახალ წევრს, რომელიც ევროკავშირს დაასუსტებს" - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც კოსი აღნიშნავს, ევროკავშირის წევრობა, უდიდესი პატივია, "ამიტომ ძალისხმევა უნდა გასწიოთ, რომ იყოთ კარგი წევრი."
"ჩვენ ვერ მივიღებთ ახალ წევრს, რომელიც ევროკავშირს დაასუსტებს. თქვენ ვერ გახდებით ევროკავშირის წევრი, თუ არ აკმაყოფილებთ კრიტერიუმებს, განსაკუთრებით კი კანონის უზენაესობის კუთხით, ე.წ. ფუნდამენტურ საკითხებში, რაც გულისხმობს კანონის უზენაესობას, ანტიკორუფციულ საქმიანობას, მედიის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას. მე ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. რატომ? იცით, ვფიქრობ, ჩვენ თავს ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ მივიღოთ ახალი წევრი ქვეყანა, რომელიც დაგვასუსტებს. ჩვენ უბრალოდ მეგობრების ჯგუფი არ ვართ. ჩვენ ვართ ღირებულებების ერთობა და როგორც კი გადაწყვეტთ, რომ გსურთ გახდეთ ამ ერთობისა და ყველა იმ სიკეთის ნაწილი, რაც მას მოჰყვება, შესაბამისადაც უნდა მოიქცეთ. რა თქმა უნდა, გზადაგზა შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოიშვას, მაგრამ ზოგადად, ევროკავშირის წევრობა, ეს უდიდესი პატივია, ამიტომ ძალისხმევა უნდა გასწიოთ, რომ იყოთ კარგი წევრი. ჩვენ ამაზე ბევრს არ ვსაუბრობდით, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ვხედავთ, რომ სხვადასხვა მხრიდან გვიტევენ. ჩვენ გვადანაშაულებენ, თითქოს ჩვენი დემოკრატია არ არის ნამდვილი დემოკრატია და ჩვენი ცივილიზაცია დაღმასვლას განიცდის. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილად არ არის დაღმასვლა. უბრალოდ შეხედეთ არჩევნებს უნგრეთში. წელიწადნახევარში იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე 15 წელიწადში – გაფართოების პროცესი ასე მჭიდროდ უსაფრთხოებასთან არასდროს ყოფილა დაკავშირებული.
გაფართოება ნამდვილად პრიორიტეტია. წელიწადნახევარში იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე მანამდე 15 წლის განმავლობაში. წარმოგიდგენიათ? და ეს მხოლოდ იმიტომ არაა, რომ მე ვარ კომისარი. იმედი მაქვს, ამაში ჩემი წვლილიც შევიტანე, მაგრამ ეს მოხდა იმიტომ, რომ წევრმა ქვეყნებმა და ევროკომისიამ გადაწყვიტეს, რომ ეს პრიორიტეტია. ვეთანხმები იმას, რომ ჩვენზე გავლენა მოახდინა უკრაინის ომმა, მაგრამ როდესაც ვამბობ, რომ გაფართოება დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, ვგულისხმობ იმას, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საუკეთესო ინსტრუმენტად და პასუხად იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ. და რა არის ეს გამოწვევები? ჩვენ ვუპირისპირდებით ოპონენტებს, რომლებსაც ევროკავშირის დანგრევა სურთ. ჩვენზე ზეწოლა ხორციელდება აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და სხვა მხარეებიდანაც. ასე რომ, გაფართოება ამ ყველაფრის მხოლოდ ერთი, თუმცა უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გვაიძულა, მეტი ყურადღება უსაფრთხოების კუთხით მიგვექცია. არ მგონია, რომ ოდესმე გაფართოება ან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ასე ძლიერ ყოფილიყო დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებთან“, — ამბობს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე
0
0