
“ჩვენ უნდა განვიხილოთ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც აქტივისტი, რომელიც საქართველოს სახელით კი არ ჩადის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივიზმის განსახილველად და წარმოსადგენად. ეს ნონსენსია”, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტი არ არის აქტივისტი, რომელიც ჩადის, უბრალოდ თავის გადაწყვეტილებით და შეხვედრებს აწყობს. საქართველოს პრეზიდენტი სწორედ რომ საქართველოს სახელით სამუშაო ვიზიტით ჩადის სხვა ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელთან და ეს სხვა არაფერია თუ არა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უნდა განვიხილოთ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც აქტივისტი, რომელიც საქართველოს სახელით კი არ ჩადის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივიზმის განსახილველად და წარმოსადგენად. ეს ნონსენსია, ამიტომ ჩვენ ველოდებით ობიექტურად, სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებით, რომ დადგინდეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა.
ეს არ არის რაღაც საამაყო საკითხი, რომ საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებაში დადგინდა კონსტიტუციის დარღვევა. ეს არავის ახარებს, უბრალოდ ფაქტი სახეზეა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავისი თავი კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა და იმდენად აუტანელი გახდა მისი მხრიდან კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რომ სამართლებრივი სხვა სივრცე არ დაგვრჩა, ამ საკითხზე რეაგირება რომ არ მომხდარიყო.
რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გარანტიის მიცემა პრეზიდენტისთვის, ალბათ ის ამ ნაბიჯს არ გადადგამდა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა 16 ოქტომბერს გამოცხადდება.
0
0