
ჩვენ ვართ სრულიად დაუცველი და რა თქმა უნდა, არაფერში არ გვჭირდება რუსეთთან კონფრონტაცია. ის იქნება აბსოლუტურად დამღუპველი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირში დაუყოვნებლივ ინტეგრაცია არის ქვეყნის უსაფრთხოებისა და გადარჩენის ყველაზე მყარი გარანტია.
„ეს ბრძოლა არ არის ადვილი ბრძოლა, ზედმეტ იმედებს ნუ დავამყარებთ სანქციებზე. მსოფლიოს ბოროტმა ძალებმა დიდი ხანია იპოვეს სანქციების გვერდის ავლისა და საერთაშორისო ლეგალური სისტემის ავლით აქეთ- იქით მოძრაობის გზები. ასე რომ, ზედმეტად ნუ დავიიმედებთ თავს, რომ კიდევ ერთი სანქცია და მერე ჩამოიშლება. არ ჩამოიშლება მხოლოდ ამის გამო! სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობისა და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არის ეგზისტენციალური, იმიტომ, რომ საქართველო დიდი საფრთხის ქვეშაა. საქართველო არის მთლიანად მარგინალიზებული. ევროკავშირში დაუყოვნებლივ ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოებისა და გადარჩენის ყველაზე მყარი გარანტია, მაგრამ ეს ინტეგრაცია ვერ მოხდება თუ არ ჩატარდა არჩევნები და არ იქნა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება საქართველოში.
ჩვენ ვართ სრულიად დაუცველი და რა თქმა უნდა, არაფერში არ გვჭირდება რუსეთთან კონფრონტაცია. ის იქნება აბსოლუტურად დამღუპველი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. იმისთვის, რომ ეს კონფრონტაცია თავიდან ავიცილოთ შემდგომ, ამისთვის სულ სხვა ტიპის სახელმწიფო უნდა გვქონდეს, ბევრად უფრო დაცული. დღეს რაც გვაქვს, უპატრონობა და დაუცველობა, პირდაპირ ეპატიჟება დამპყრობელს შემდგომი ქმედებებისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სასწრაფოდ ჩავატაროთ არჩევნები, დავამყაროთ ხელახლა ევროკავშირთან ურთიერთობა და განვაახლოთ სწრაფი ინტეგრაცია, მაგრამ იქამდე ნათლად გამოვხატოთ, რომ არა გვსურს კონფრონტაცია არცერთ ჩვენს მეზობელთან, არავისთან. ასევე უნდა ავიღოთ უსაფრთხოების გარანტიები და თურქეთთან და აზერბაიჯანთან კავშირი უნდა შევკრათ. სამხრეთ კავკასია უნდა შეიკრას ერთ ბლოკად, ურთიერთდახმარების რეჟიმში იმუშაოს და, რა თქმა უნდა, ყველანი უნდა წავიდეთ ევროპის მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
0
0