22/10/2024
22:47
სპორტი
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე იყო, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდა, სადაც ორმატჩიან დუელში ხორვატიას დაუპირისპირდება.
„ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თამასა მაღლა გვქონდა აწეული. ტურნირიდან რამდენიმე მოთამაშე დაგვრჩა, მაგრამ გუნდის შენება მაინც ნულიდან მოგვიხდა. ჩვენი მიზანი პლეი ოფში გასვლა იყო და სასიხარულოა, რომ ისტორიაში პირველად ეს მოვახერხეთ.
ჩვენი მთავარი პრობლემა მოსამზადებლად მცირე დრო და ფეხბურთელების ნაწილის ნაკლები სათამაშო პრაქტიკა იყო. საქართველოში ვინც არის, მათ ამ მხრივ ყველაფერი კარგად ჰქონდათ, მაგრამ მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება აკლდათ.
პლეი ოფში დაახლოებით ისეთი დატვირთვის თამაშები გველის, რაც ბოლო სამ შეხვედრაში. მაგრამ, შედეგს მივაღწიეთ სწორი გეგმის, მისი შესრულებისა და ფეხბურთელების ხასიათის ხარჯზე. ამავე დროს, მათ ჰქონდათ ეროვნული გუნდის წარმატების მაგალითი, რომ ხასიათით და ბრძოლისუნარიანობით ყველაფერი შეიძლება.
პლეი ოფში ხორვატიასთანაც იგივეს ველოდები. მეტოქეს უკვე ვსწავლობთ. ეს ძალიან კარგი ინდივიდუალისტებით დაკომპლექტებული გუნდია. ძლიერი ახალგაზრდები ჰყავთ, თუმცა მთავარია, ჩვენთან ვინ ითამაშებს, რადგან ბოლო 3-4 მატჩში რამდენიმე მათგანი ეროვნულ ნაკრებში დააწინაურეს.
ხორვატიას ჩვენზე ბევრად გამოცდილი გუნდი ჰყავს, მაგრამ შანსებს მაინც თანაბრად შევაფასებდი. ყველაფერი მოედანზე წყდება. მთავარია, ჩვენ ვიყოთ სრულ მზადყოფნაში და ტრავმები თავიდან ავიცილოთ. ასეთ შემთხვევაში, ძალიან სერიოზული ბრძოლა გვექნება. სამწუხაროა, რომ პირველ თამაშს საბა ხვადაგიანი და ნოდარ ლომინაძე გამოტოვებენ“, – განაცხადა სვანაძემ.
0
0
23 ნოემბერი გიორგობაა
22/11/2024