07/08/2023
17:42
პოლიტიკა
მოვისმინეთ განცხადება, თითქოს ვერტმფრენი დაფრინავდა ხეობაში წინა დღეს და სახელმწიფო სტრუქტურებმა იცოდნენ, რომ სტიქია ვითარდებოდა. ეს ხომ ყოველგვარ ზღვარს გაცდენილია? თუ ვიცოდით, ეს დავმალეთ? მსგავსი განცხადებები ყოვლად წარმოუდგენელია, – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ყოვლად მიუღებელია ბრალდებები, თითქოს ვიღაცამ თავის თავზე იზრუნა და სხვაზე – არა.
„არ მინდა, ამ მძიმე, ემოციურ ფონზე სხვა ტიპის განცხადებები გავაკეთო, ნამდვილად არ არის დღეს ამის დრო. ამიტომ ვამბობ, რომ ამ მძიმე ფონზე ალბათ ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი და ორიენტირებული, რომ სამაშველო, თუ სამძებრო ოპერაცია, რომელიც ხორციელდება, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, მხარი დავუჭიროთ მაშველებს, ჩვენს ჯარისკაცებს და რა თქმა უნდა, შემდეგ დრო გვექნება ყველაფრისთვის, რომ ყველაფერზე ვისაუბროთ, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, თუმცა ჩვენ ამაზე არც ამჯერად ვამბობთ უარს. ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, თითქოს ვერტმფრენი დაფრინავდა იქ წინა დღეს და ჩვენ, ანუ სახელმწიფო სტრუქტურებმა თითქოს იცოდნენ, რომ იქ რაღაც სტიქია ვითარდებოდა. ეს ხომ ყოველგვარ ზღვარს გაცდენილია? ჩვენ თუ ვიცოდით, რომ იქ სტიქია ვითარდებოდა, ეს დავმალეთ? ხომ ყოვლად წარმოუდგენელია ასეთი განცხადებები. იგივეა კახი კალაძესთან დაკავშირებით, თურმე წინასწარ გამოიყვანა. როგორ უნდა გამოეყვანა, წინასწარ უნდა სცოდნოდა ხომ? ყოვლად მიუღებელია და ყველანაირ მორალს სცდება განცხადებები, რომ დავაბრალოთ ადამიანებს, თითქოს ვიღაცამ თავის თავზე იზრუნა და სხვაზე არ იზრუნა. ვფიქრობ, ეს დაუშვებელი და მიუღებელია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
0
0