
"ჩვენ თავისუფლები ვართ! ლაზერი წაგვართვეს და პატიმრობაში დარჩა✊ ცეცხლი ოლიგარქიას!" - ამის შესახებ პარტია "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც მამუკა ხაზარაძემ მისი პარტიის წევრების დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისი განმარტებით, პოლიციამ პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და კიდევ სამი პირი დააკავა.
„ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და სამი ახალგაზრდა ლიდერი – ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე რეჟიმის მსახურმა პოლიციამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავა!
მოვითხოვ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აქვე გაფრთხილებთ: ბიძინას პოლიციური ტერორი მალე დამთავრდება ამ ქვეყანაში და ყველა ამ უსამართლობაში მონაწილე პირი უმკაცრესად დაისჯება!“ – წერდა მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
როგორც პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, ერთ-ერთი დაკავებული ბექა ბერიძიშვილი 2000 ლარით დააჯარიმეს. ხოლო, თავად კუპრაძეზე, ჯუბა ლოლაძეზე და ოთო ფარულავაზე დაიწყო საქმის წარმოება.
კუპრაძის თქმით, დააკავეს იმის გამო, რომ აქციაზე ლაზერით ანათებდნენ პარლამენტის შენობას.
“აქციიდან სახლებში მივდიოდით. ვარაზისხევზე ერთმა საპატრულო ეკიპაჟმა გაგვაჩერა. შემდეგ შემოუერთდა 2 საპატრულო ეკიპაჟი. ივანიშვილს ეშინია ლაზერის, რომელიც პარლამენტის კედელს ანათებდა. ჩვენ თავისუფალი ვართ, მაგრამ ლაზერი არის "დაკავებული". უნდა ითქვას, რომ კარგი პოლიციელები შეგვხვდნენ, რომლებსაც ცუდი დავალების შესრულება უწევთ.
ბექა ბერიძიშვილი 2000 ლარით დააჯარიმეს. ჩვენ სამზე: ჩემზე, ჯუბა ლოლაძეზე, ოთო ფარულავაზე დაიწყო საქმის წარმოება. რა ტიპის საქმეა ჯერ არ ვიცით, ალბათ ვნახავთ უახლოეს დღეებში რა წერილი მოგვივა”, - აცხადებს კუპრაძე.
0
0