29/05/2023
10:41
პოლიტიკა
ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან, ეს დათმობის კი არა, სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი არც განიხილება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დათმობის პოლიტიკას „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებდა.
„სინამდვილეში ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან. დათმობის პოლიტიკას აწარმოებდნენ "ნაციონალები", როდესაც 2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში რუსებს ეხვეწებოდნენ, კულტურული გაცვლითი ღონისძიებები ჩაეტარებინათ. დათმობა იყო სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა, დათმობა იყო რუსეთისთვის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე თანხმობის მიცემა. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ჩვენთვის უპირველესია ქვეყნის ეროვნული ინტერესი. დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება და ეკონომიკური გაძლიერება. ბოლო წლების სხვადასხვა ტურბულენტობამ, კონფლიქტებმა, ომებმა ძალიან დაგვაზიანა, ათწლეულებით დაგვხია უკან. ჩვენი პოლიტიკის შედეგად დღეს საქართველოში ისტორიულად ყველაზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელია. გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ლარი გამყარებულია, რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა... რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით ათწლიანი მშვიდობის შენარჩუნება. ეს დათმობის კი არა, სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გვერდი ავუაროთ პროვოკაციებსა და სხვადასხვა საფრთხეს, მათ შორის რუსეთიდან მომდინარესაც. ჩვენ არც არავის არაფერს ვუთმობთ, არც არავის არაფერზე ვევაჭრებით, მხოლოდ ხალხის ინტერესებით ვმოქმედებთ. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყნის გაერთიანება და ევროინტეგრაცია. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად არის აუცილებელი სიმშვიდე და ეკონომიკური წინსვლა. თუ ეკონომიკურად არ ვიქნებით ძლიერი და შიდა დაპირისპირება გვექნება, ვერც ქვეყანას გავაერთიანებთ და არც ევროსტრუქტურების კარს გაგვიღებენ. ღარიბი და დასუსტებული ქვეყანა არც აფხაზების და ოსებისთვის არის საინტერესო და არც დასავლელი პარტნიორებისთვის“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, მან, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც შეაფასა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, „პუტინის გადაწყვეტილების უკან დგას პოლიტიკური მოტივაცია, მაგრამ რთულია განსაზღვრო, რა არის ამ მოტივაციის მიზანი“.
„ამიტომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ საკუთარი ქვეყნის მოტივაციითა და მიზნებით. ვფიქრობთ, საქართველოს მოქალაქეს რაც მეტ ქვეყანაში ექნება უვიზოდ მიმოსვლის საშუალება, მით უფრო კარგია. თუ უსაფრთხოებაზე ვისაუბრებთ, რუსეთის მიერ ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმება ამ მიმართულებით არაფერს ცვლის. ვისაც არ უნდა, არ წავა რუსეთში.
როდესაც პუტინმა თქვა, რომ ქართველებმა თავად დავაყენეთ ვიზების გაუქმებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი, იგულისხმა, რომ 2019 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა, არათუ საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ამერიკელებმა და ევროპელებმა მიმართეს, რომ საქართველოსთვის დაწესებული სანქცია მოეხსნათ. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენი განსჯის ინტერესი არ არის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მან რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა არ უგულებელყოფს რუსების შემოსვლით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებს.
„საოკუპაციო რეჟიმის მოქალაქეების შემოსვლა არ იყო საფრთხე და ომს გამოქცეული რუსია საფრთხე?! ჩვენ არ უგულებელვყოფთ, რუსების შემოსვლით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებს. სწორედ ამისთვის არსებობს უშიშროებისა და სხვა შესაბამისი სამსახურები. საფრთხეების გამოვლენისთვის სიტუაციას სახელმწიფო ყურადღებით აკვირდება. ის, რომ არც ერთი საფრთხის რეალიზება არ მოხდა, სწორედ ჩვენი კარგი მუშაობის შედეგია“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხს, პაპუაშვილის განცხადებით, ეს არც განიხილება.
"რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს ნამდვილად არის ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა ოღონდ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში. ჩვენ საქმითაც ვაჩვენებთ, რომ სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, აფხაზ და ოს თანამოძმეებში ნდობის აღდგენა და მეორე მხრივ, ქვეყანაში ისეთი პირობების შექმნა, რომ ერთი სახელმწიფოს ქოლგის ქვეშ ცხოვრება მათთვის მიმზიდველი იყოს. ამას არც ავიამიმოსვლის აღდგენასთან აქვს კავშირი და არც უვიზო რეჟიმთან. ცუდი ის არის, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჩვენი ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ნაწილმა დაიწყეს საუბარი, რომ სიტუაციით უნდა გვესარგებლა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სამხედრო გზით მოგვეგვარებინა. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება დაუშვებლად მიგვაჩნია. ჩვენ არ ვსაუბრობთ ცარიელ ტერიტორიებზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ნდობის დაბრუნება“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0
ქარი, წვიმა, მთაში მოთოვს - ამინდი უარესდება
15/11/2024