13/09/2024
15:22
სპორტი
ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ [დინამო არენაზე] ოქტომბრის თამაშს, მაგრამ უფრო დეტალურად ამაზე პასუხი გვეცოდინება შემდეგ კვირას, - აღნიშნულის შესახებ „თბილისის დინამოს" პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.
როგორც რომან ფიფიამ განმარტა, დინამო არენასთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხს მომდევნო კვირისთვის ელოდებიან.
"დინამო არენა ორი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება. პირველი იარუსი უფრო ძველია, გასული საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული, მეორე კი შედარებით ახალია. მისი მშენებლობა 1978 წელს დასრულდა. მხოლოდ მეორე იარუსი იტევს 41 ათასზე მეტ მაყურებელს. 2015 წელს, უეფას სუპერთასი რომ ჩატარდა, სახელმწიფომ, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 15 მილიონი ლარი დახარჯა. საკითხი მდგრადობასთან დაკავშირებით არ არსებობდა. იყო პრობლემა მე-7 და მე-8 "სტილობატთან" დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, საუბარი არის სულ 8 მეტრის სიმაღლის შენობაზე - 2X4, 8 მეტრზეა საუბარი, რომელსაც უზარმაზარი ბოძები აქვს ირგვლივ.
წლების წინ გვქონდა რეკომენდაცია, რომ გაგვეკეთებინა - ეს გაკეთდა მაშინაც და ამას ვაკეთებდით შემდეგაც. ახლა მდგომარეობა ასეთია - მომდევნო კვირაში მივიღებთ ექსპერტიზის მონაცემებს, რომელმაც უნდა გვითხრას, რა არის აუცილებლად გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს საკითხი მოიხსნას დღის წესრიგიდან. სტილობატებია მხოლოდ შესაკეთებელი თუ კიდევ რამე პრობლემა აქვს პირველ იარუსს. ექსპერტიზის პასუხს რომ მივიღებთ, შემდეგ გადავწყვეტთ, შევწვდებით თუ არა ჩვენი საშუალებით მის რეაბილიტაციას. თუ ჩვენ თვითონ შეგვეძლება ამის შეკეთება, ძალიან მალე შევაკეთებთ, თუ უფრო დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაშინ მივმართავთ მერიას დახმარებისთვის.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ოქტომბრის თამაშს, მაგრამ უფრო დეტალურად ამაზე პასუხი გვეცოდინება შემდეგ კვირას“, - განაცხადა რომან ფიფიამ.
მან უპასუხა ასევე კითხვას, შეიძლებოდა თუ არა პირველ იარუსთან არსებული პრობლემა და ყველაფერი სექტემბრის მატჩამდე მოგვარებულიყო.
„ფედერაციას აქვს თავისი უსაფრთხოების სტანდარტები. მათ თუ ჩათვალეს, რომ იყო პრობლემა, მე ამას ვერაფერს ვუზამ. ჩვენი მონაცემებით, ის პრობლემები, რაზეც არის საუბარი, პირველ იარუსს აქვს თანდაყოლილი, წლების განმავლობაში. ჩვენ მას ყოველთვის ვუვლიდით და ამის პარალელურად, სტადიონზე თამაშები მიმდინარეობდა. მე დარწმუნებული ვარ ახლაც იმაში, რომ ეს ექსპერტიზა ყურადღებას გაამახვილებს მე-7 და მე-8 სტილობატზე. მე ვფიქრობ ამაზე მეტი პირველ იარუსს არაფერი უნდა სჭირდეს, თუმცა ფედერაცია წყვეტს, ეს საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ ჩატარდეს თამაში. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ჩემი გასაკეთებელია ის, რომ მინდორი იყოს უმაღლეს დონეზე და ყველაფერი იყოს წესრიგში. მე ფედერაციას უნდა ვუთხრა, რომ ის საკითხი, რაზეც ექსპერტიზა ამახვილებს ყურადღებას და არსებობს გარკვეული კითხვები - მოგვარებული იყოს. ამიტომ დაველოდოთ შემდეგ კვირას, დანარჩენი ფედერაციის გადასაწყვეტია.
მე ვფიქრობ, რომ რაც იყო მარტში, ის მდგომარეობა არის დღესაც, თუმცა უსაფრთხოება პირველი ამოცანაა და ჩვენ ეს უნდა გადავაზღვიოთ. ეს არის ფედერაციის უფლება, მეც რომ ვიყო იქ, იგივეს მოვითხოვდი. აქედან გამომდინარე, ახლა გავიგებთ, რას იტყვის ექსპერტიზა. წესით ყურადღება გამახვილებული იქნება 2/3 სტილობატზე, დანარჩენზე, ჩემი აზრით, პრობლემა არ უნდა იყოს. პირველი იარუსი ძველი აშენებული კი არის, მაგრამ ძალიან მყარია.
“დინამოს” სტადიონი არის უნიკალური. მე ვფიქრობ, რომ დინამო არენა კიდევ მრავალი წელი ემსახურება ამ ქვეყანას. იქ სხვა სული და აურა ტრიალებს. ამას ამბობენ თვითონ ფეხბურთელები, სხვა გარემოა და სხვა მოცემულობა - მაგიურია. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ, შესაძლებელია, რომ გადავაკეთოთ და ამაზე ყველა უნდა იყოს თანახმა, რადგან არ სჭირდება დიდი თანხები“, - განაცხადა რომან ფიფიამ.
0
0