01/10/2024
22:41
არჩევნები 2024
„კოალიცია ცვლილებისთვის“ შეიქმნა და დაფუძნდა თქვენთან ერთად ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი მისიით, რომ ჩვენ შევცვალოთ ფუნდამენტურად ქართული პოლიტიკური სისტემა, გავატაროთ სისტემური ცვლილებები იმ პოლიტიკური სისტემისა, რომელიც, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლებამ მხოლოდ გააუარესა, - ამის შესახებ რუსთავში, „კოალიცია ცვლილებისთვის” პირველ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
ნიკა მელიამ კოალიციის მთავარ პრინციპებზე ისაუბრა და განმარტა, რატომ არის მნიშვნელოვანი ცვლილებები ქვეყანაში.
„ყველას გვიხარია, რომ ჩვენ აქ ერთმანეთს ვხედავთ, გვიხარია, რომ ვხედავთ ცვლილებისთვის ამდენ გულანთებულ ადამიანს. გვიხარია, ვხედავდეთ ადამიანები ადამიანებს, რომლებსაც არა მხოლოდ გვსურს და გვჯერა, არამედ შეგვწევს ძალა, შევცვალოთ. რამ განაპირობა ეს ძალა, რამ განაპირობა ეს რწმენა, საიდან ეს ენერგია, რამ განაპირობა ეს სულისკვეთება, ეს ბრძოლისუნარიანობა, ეს ჟინი, შემართება, მოტივაცია, ენთუზიაზმი, საკუთარი თავის შეგონებამ მხოლოდ? არა, რა თქმა უნდა. განაპირობა სიმართლემ და ღირსებამ, საიდანაც გამომდინარეობს ძალიან დიდი მორალური უპირატესობა, რომელიც ამ ბრძოლაში არის უმნიშვნელოვანესი. როდესაც მეკითხებიან, ვისკენ ვართ და რისკენ ვართ, რას ვუჭერთ მხარს, პირველ რიგში, რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ სიმართლისკენ ვართ და ღირსებისკენ ვართ. სიმართლე და ღირსება ამ ბრძოლაში არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი.
რას შეიძლებოდა განეპირობებინა ის, რომ დღეს ჩვენ გვჯერა და ვართ ამ ბრძოლაში ჩართულები - სულ ერთი წამით წარმოვიდგინეთ საქართველო მომავალ წელს ცვლილებების გარეშე და ვთქვით - არა, ყველანი უნდა შევიდეთ ახლა და აქ, ამ ბრძოლაში, ცვლილებების ბრძოლაში, ისტორიულ ბროლაში. შევიდეთ ბრძოლის შუაგულში? არა, ბრძოლის ავანგარდში, გავიმარჯვოთ და მოვუტანოთ ცვლილებები მომავალ საქართველოს და მომავალ თაობებს.
თითოეული თქვენგანი მხარდამჭერები და ამომრჩევლები კი არ ხართ „კოალიცია ცვლილებისთვის,” არა, ეს დაკნინება იქნებოდა, თითოული თქვენგანი ხართ ამ ცვლილებების პროცესის შემოქმედები და ავტორები.
რა განასხვავებს “კოალიციას ცვლილებისთვის” სხვებისგან - ძალიან ბევრი რამ. ხელისუფლება იბრძვის მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, მაგრამ ამაოდ. არიან პოლიტიკოსები, რომელთაც სურთ, ამ დაჭაობებული პოლიტიკური სისტემის არა შეცვლა, არამედ ჩანაცვლებაზეც შეიძლება ყაბულს ყოფილიყვნენ, მაგრამ აქაც ძალიან ამაოდ. “კოალიცია ცვლილებისთვის” შეიქმნა და დაფუძნდა თქვენთან ერთად ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი მისიით, რომ ჩვენ შევცვალოთ ფუნდამენტურად ქართული პოლიტიკური სისტემა, გავატაროთ სისტემური ცვლილებები იმ პოლიტიკური სისტემისა, რომელიც, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლებამ მხოლოდ გააუარესა. ჩვენ არ ვიბრძვით ამ პოლიტიკურ სისტემაში მოთამაშეების შეცვლისთვის. ჩვენ არ გვსურს იმ პოლიტიკოსებიდან, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, რომელიმეს ადგილი დავიკავოთ. არც იმ პოლიტიკოსების ადგილის დაკავება გვინდა, ვინც ამდაგვარ პოლიტიკურ სისტემაში წარსულში იყვნენ ხელისუფლებაში. ჩვენ გვინდა შევცვალოთ პოლიტიკური სისტემა იმდაგვარად, რომ გაჩნდეს სივრცე ახალგაზრდა, მათ შორის, გამოცდილი, კეთილსინდისიერი, პროფესიონალი ადამიანებისთვის. ჩვენ საშინლად არ მოგვწონს ერთი კაცის მმართველობა, ერთპარტიული მმართველობა, ამას ჩვენ არ დავუშვებთ და „კოალიცია ცვლილებისთვის” არის ამის გარანტი.
რა გვრჩება გამარჯვებისთვის, მათ შორის მაშინ, როდესაც ერთი ხელის გაწვდენაზეა ცვლილებები და გამარჯვება იმ არჩევანზეა, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა მოვიპოვოთ, ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე!
უნდა მოვიპოვოთ ისეთი ცვლილებები, სადაც პოლიტიკოსი ჩათვლის, რომ ქვეყანა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი პარტია, სადაც ჩვენი კოალიცია სხვებთან ერთად იმადაგვარად გარდაქმნის ეკონომიკას, რომ ეკონომიკა იმუშავებს ხალხზე და არა ხალხი ეკონომიკაზე. ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანაში, კრიზისიდან გამომდინარე, არსებული შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ამას სჭირდება ერთადერთი რამ - მოვიკრიბოთ ძალა და მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე გამარჯვებისთვის!” - მიმართა მელიამ ამომრჩეველს.
0
0