
"საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა. ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით უსამართლობის ფასი - მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება, სახლების ნგრევა და დამნაშავეთა დაუსჯელობის შედეგად საზოგადოებაში დარჩენილი მოუშუშებელი იარები." - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰააგაში შეკრებილ დიპლომატებს სიტყვით მიმართა.
უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა. 35 ქვეყანასთან ერთად ინიციატივას საქართველო შეუერთდა. მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგა ომის შედეგად. მისივე თქმით, საქართველო, როგორც ზარალის რეესტრის დამფუძნებელი წევრი, მიესალმება საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნას.
"საკუთარი ქვეყნის დასაცავად უკრაინელი ხალხის ბრძოლა გულგრილს ვერ დაგვტოვებს. ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც დღეს ევროპის შუაგულში ვხედავთ მეტ ძალისხმევას მოითხოვს რეგიონში მშვიდობის აღსადგენად.
საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას საჭირო სამართლებრივი მექანიზმების შესაქმნელად.
უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგა ამ უსამართლო ომის შედეგად.
საქართველო, როგორც ზარალის რეესტრის დამფუძნებელი წევრი, მიესალმება საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნას.
საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა. ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით უსამართლობის ფასი - მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება, სახლების ნგრევა და დამნაშავეთა დაუსჯელობის შედეგად საზოგადოებაში დარჩენილი მოუშუშებელი იარები. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ბრძოლას და არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, იმისათვის, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგად ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები არ მიეცეს დავიწყებას.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილებით რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოსთან მიმართებაში, ის კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფას. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არსებული მექანიზმების ეფექტიანობის გაანალიზება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ სამართალი აღსრულდეს. საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მხრივ ურყევ საერთაშორისო ძალისხმევას.
საქართველო სოლიდარულია უკრაინელი ხალხის და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის სამართლებრივ უფლებებს." - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0