12/09/2024
19:17
სპორტი
ჩვენ მთელ მსოფლიოს ვანახეთ, როგორი ბრძოლა და ერთობა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია, დავიცვათ ერთმანეთი და წინ აღვუდგეთ უსამართლობას. ამიტომ ბევრჯერ გავიმეორებ, რომ თქვენ ხართ ყველაზე ძლიერი, ყველაზე ლამაზი, ლაღი და შეკრული გუნდი, ვინც კიდევ ბევრჯერ ააჟღერებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნს და ყველაზე მაღლა ააფრიალებთ საქართველოს დროშა, – ასე მიმართა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარალიმპიელებს დახვედრის ცერემონიალზე.
იონათამიშვილის თქმით, ქართველი პარალიმპიელების შედეგები სიამაყესთან ერთად არის დამატებითი პასუხისმგებლობა.
„მივესალმები ჩემს გმირ პარაათლეტებს, თქვენთან ერთად მინდა მივესალმო ჩვენს პარასპორტსმენებს, ვინც არ იყო პარიზში, მაგრამ თქვენთან ერთად ჩვენი მომავალია, მინდა, მივესალმო შშმ ახალგაზრდებს და აქედან ვუთხრა, რომ ჩვენი კარი მათთვის ღიაა. მინდა, ჩვენი პარაათლეტების სახელით ჩვენს ოლიმპიელებს და ეროვნულ ნაკრებს მივულოცო, ასევე, ისტორიული გამარჯვებები. დიახ, ჩვენ ერთმანეთის წილი საქართველო ვართ. მაშ ასე, პარიზი 2024 და საქართველო – სპორტის ექვსი სახეობა და მედლები ექვსივე სახეობაში, 14 მონაწილედან ცხრა მედალოსანი. ასეთი შედეგები პარალიმპიადაზე 180 ქვეყნიდან ქონდა მხოლოდ ორ ქვეყანას – საქართველოს და ჩინეთს და ამით ყველაფერია ნათქვამი. თქვენ, პარიზში, ყოველდღიურად ამყარებდით რეკორდებს და იღებდით მედლებს ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა ამ ღირსეული, ისტორიული და დაუვიწყარი ბრძოლისთვის და შედეგებისთვის. მე ამაყი ვარ, რომ შემიძლია ვიყო თქვენს სამსახურში და ვმუშაობდე იმისთვის, რომ თქვენ იბრძოდეთ უმაღლესი მიღწევებისთვის. მე მჯერა, რომ იმ დღეებმა, რომელიც თქვენ პარიზში გაატარეთ, ბევრი რამ შეცვალა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ რომ იცოდეთ, თქვენ გაცილებით მეტი შეცვალეთ ჩვენი ქვეყანის და სამყაროს ცხოვრებაში. თქვენ მოახდინეთ საზოგადოების მენტალური რევოლუცია, დაამსხვრიეთ ყოველგვარი სტიგმა და სტერეოტიპები და პირადად მე გეტყვით, რომ 12 დღეში თქვენ უფრო მეტი შეძელით, ვიდრე მე 25 წლის მანძილზე, რაც ეტლით მოსარგებლე გავხდი.
ჩვენ მთელ მსოფლიოს ვანახეთ, როგორი ბრძოლა და ერთობა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია, დავიცვათ ერთმანეთი და წინ აღვუდგეთ უსამართლობას. ამიტომ ბევრჯერ გავიმეორებ, რომ თქვენ ხართ ყველაზე ძლიერი, ყველაზე ლამაზი, ლაღი და შეკრული გუნდი, ვინც კიდევ ბევრჯერ ააჟღერებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნს და ყველაზე მაღლა ააფრიალებთ საქართველოს დროშა. ერთ საუიდუმლოსაც გაგიმხელთ, ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რედასაც საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შევხვდით, მან სიხარულით გაიხსენა 2018 წელს საქართველოს პარლამენტში შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან პარასპორტის ესეთი ძლიერი მხარდაჭერა არ გაკვირვებია და მას სამაგალითოც უწოდა. ჩვენ დავწერეთ ისტორია, რომელიც არასდროს მიეცემა დავიწყებას და ძალიან მაღლა ავწიეთ თამასა. ჩვენი შედეგები სიამაყესთან ერთად არის დამატებითი პასუხისმგებლობა, რომ კიდევ უფრო მაღალი მწვერვალები უნდა დავიპყროთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ დამყარებული რეკორდები. და ზუსტად ვიცი, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ ამას შევძლებთ. და გავიმარჯვებთ – საქართველოსთვის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
0
0