
„ჩვენ მომხრე ვართ, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან ურთიერთობები ააგონ“ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მომხრე ვართ, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ააგონ ურთიერთობა საქართველოსთან. იქ არის დიალოგის მექანიზმები, რომლებშიც ჩვენც ვმონაწილეობთ“, - განაცხადა მან.
ლავროვმა გააკრიტიკა ჟენევის დისკუსიებში მონაწილე მხარეები. მისი თქმით, ევროკავშირი, გაერო, ეუთო და შეერთებული შტატები „ცდილობენ დიალოგის ეს ფორმატიც, უკრაინის ირგვლივ მიმდინარე ამბების მძევლად აქციონ“.
„ეს, მე ვფიქრობ, არის უხამსი და არაპროფესიონალური,” - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ დასავლეთი „კონკრეტულ ამოცანებს კონკრეტულ რეგიონში განაპირობებს თავისი პოლიტიკური განაწყენებითა და ახირებებით”.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართულმა მხარემ საკმაოდ დიდი ხნის წინ წამოაყენა პროექტი ერთობლივი ეკონომიკური აქტივობების განსახორციელებლად“, რაც, მისივე თქმით, შეიძლება დაეხმაროს ნდობის ჩამოყალიბებას.
საუბარია, სავარაუდოდ, 2011 წელს გაფორმებულ ქართულ-რუსულ შეთანხმებაზე საზღვარზე სავაჭრო ბრუნვის მონიტორინგის შესახებ, რომლის მიხედვითაც შვეიცარიულ კომპანიას უნდა დაეწყო ტვირთების მონიტორინგი აფხაზეთის, „სამხრეთ ოსეთის“, ასევე ზემო ლარსის გავლით.
ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
0
0