
ჩვენ ხუმრობას არ ვაპირებთ! - ყველა პირი, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, კეთილს ინებებს და კომისიის წინაშე მობრძანდება და შემდეგ არ იტყვის, რომ არ იცოდა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკმაოდ მკაცრი სასჯელი არსებობდა! - ეს განცხადება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებისას კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა გააკეთა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
„ყველა პირს, ვისაც ჩვენ დავუკავშირდებით, მინდა ეს ჰქონდეს გათვალისწინებული, რომ რაიმე პრობლემა არ შეუქმნას საკუთარ თავს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე, 2011 წელს, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანისთვის ბიზნესის წართმევის და საპატიმრო დაწესებულებაში მისი წამების საქმეს იხილავენ. კომისია ბიზნესმენის შვილს, ბესარიონ ხარძიანს უსმენს.
ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ის პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს.
2015 წლის 28 მარტს კი, ბესიკ ხარძიანი თბილისში, საკუთარ სადარბაზოში მოკლეს. მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე გახსნილად 2016 წლის იანვარში გამოაცხადა. ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის, შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორი პირი - უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ფარიდ გურბანოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს დაუსწრებლად, 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
0
0
ბათუმში, მეოთხე დღეა 18 წლის ბიჭს ეძებენ
25/03/2025