
პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ „თავისუფლების მოედანი“ ვითარდება, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია.
როგორც ცუცქირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ოთხი პარტიის მიერ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არჩევნებისთვის დაფუძნდა, ხოლო „თავისუფლების მოედნის“ წევრების ამოცანა თავიდანვე იყო, რომ აღნიშნული გაერთიანება ჩამოყალიბებულიყო, როგორც თვითმყოფადი პოლიტიკური პარტია.
„გასული წლის არჩევნებისთვის, ჩვენ, ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დავაფუძნეთ საარჩევნო კოალიცია, რომელშიც შედიოდა ოთხი დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის „თავისუფლების მოედანი“. თავიდანვე და ახლაც, „თავისუფლების მოედნის“ ყველა წევრის ამოცანა იყო, რომ „თავისუფლების მოედანი“ უნდა ჩამოყალიბებულიყო, როგორც ძლიერი, დამოუკიდებელი, თვითმყოფადი პოლიტიკური პარტია და ახლა ასე ვაგრძელებთ ამ საქმიანობას. ჩვენ კავშირზე ვართ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. მათ შორის, რა თქმა უნდა, მათთან, ვისთანაც ვიყავით კოალიცია „ძლიერ საქართველოში“. „თავისუფლების მოედანი“ ვითარდება, როგორც პოლიტიკური პარტია, რომელიც იქნება ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესების გამომხატველი ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ „ძლიერი საქართველო“, როგორც კოალიცია, აღარ არსებობს, ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ არჩევნებზე და კოალიციებზე თუ იქნება საუბარი, პარტნიორებთან კონსულტაციები ექნებათ.
„თუ იქნება არჩევნებზე და კოალიციებზე საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან. მანამდე „თავისუფლების მოედანი“ ვითარდება, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია“, – აღნიშნა ცუცქირიძემ.
კოალიცია „ძლიერი საქართველო“ წინასაარჩევნოდ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დაფუძნა – „ლელომ“, „თავისუფლების მოედანმა“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებმა“.
0
0