
საქართველოს აქვს ისტორიულად საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია. ჩვენ ისტორიულად ვაკავშირებდით ერთმანეთთან დასავლეთს და აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას. დღეს ეს როლი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი იმ რთული მოვლენების ფონზე, რაც ჩვენ გარშემო ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ჩვენ გარშემო არაერთი კონფლიქტია და ამ პირობებში, საქართველო არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული რეგიონში.
„შესაბამისად, საქართველო დღესაც ასრულებს განსაკუთრებულ როლს დაკავშირებადობის კუთხით და მომავალში კიდევ უფრო მეტად შეუძლია ამ როლის გაძლიერება. ამისთვის ჩვენ ვაღრმავებთ პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს რეგიონის ქვეყნებთან. როგორც მოგეხსენებათ, არაერთი ვიზიტი შედგა, მათ შორის ჩემი მონაწილეობით ამ მიზნით, ასევე ეკონომიკის მინისტრს ჰქონდა გასული ერთი თვის განმავლობაში არაერთი ვიზიტი რეგიონის ქვეყნებში. სწორედ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურებოდა ყველა ეს ღონისძიება და ყველა ეს ინიციატივა. მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას, რათა ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ. მათ შორის დიდი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა, პორტები, აეროპორტები და ა.შ. ყველა მიმართულებით რა თქმა უნდა, მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ, რათა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად გავუძლიეროთ მისი სტრატეგიული დატვირთვა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0