27/03/2024
23:20
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა. ვილი სანიოლის გუნდმა “დინამო არენაზე” გამართულ ევრო 2024-ის საგზურისთვის ფინალში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და არსებობის ისტორიაში პირველად, დიდ საერთაშორისო ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა.
თამაშს საინტერესო გამოხმაურება მოყვა ბერძნულ მედიაში.
"ჩვენ ისინი არ დავაფასეთ, მათ ჩვენ დაგვსაჯეს", - ასეთი სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას პორტალი In.gr.
"ამპარტავნება ის ყვავილია, რომლის ნაყოფიც თავხედობაა. ჩვენი საქციელით უპატივცემულობა გამოვიჩინეთ ქართველების მიმართ, დავივიწყეთ წარსული. გაგვათამამა ყაზახეთის კარში გატანილმა ხუთმა გოლმა და თავი ცუდი კუთხით წარმოვაჩინეთ.
პირველ რიგში კი ეს ეხება ჩვენი ფეხბურთის ხელმძღვანელობას, ფედერაციას, რომელმაც “ლურჯ-თეთრების” ბოლო ათწლეულის მთავარი თამაში სასკოლო ექსკურსიად გადააქცია. ხელმძღვანელობას ყაზახეთთან წარმატებამ ისე დაახვია თავბრუ, თითქოს მესის არგენტინა გაგვენადგურებინოს და "ბორის პაიჭაძეს" განიხილავდა არენად, სადაც სინამდვილეში არაარსებული უპირატესობის დემონსტრირება უნდა მოგვეხდინა.
იმ ნაკრების ფიასკომ, რომელიც "ყოველთვის უგებდა საქართველოს", კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ფეხბურთი ერის კოლექტიური იდენტობის ელემენტია. იმ ფაქტმა, რომ მეტოქე ჩვენს წინააღმდეგ ისტორიულად სუსტი იყო, დაგვავიწყა 20 წლის წინანდელი ამბავი, როდესაც პორტუგალიაში გამგზავრების წინ დიდ ტურნირებზე მხოლოდ ერთი გოლი გვქონდა გატანილი. ეს იყო უპატივცემულობა სანიოლის გუნდის მიმართ, მაგრამ პირველ რიგში, საკუთარი ისტორიის მიმართ”, - წერს ბერძნული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს ისევ დორტმუნდში – პორტუგალიას.
0
0