01/03/2022
17:12
პოლიტიკა
,,ზელენსკის ეს ნაბიჯი ძალიან სამწუხარი ამბავია, რბილად რომ ვთქვათ. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც უკრაინას უჭირს და ზელესკი არის მსოფლიოს ყურადღების ცენტრში და მის სიტყვასაც და გადაწყვეტილებასაც ანგარიშს უწევენ ჩვენი პარტნიორები. ჩვენდა სამწუხაროდ, ისტორიის მანძილზე ვერასდროს მოვახერხეთ ჩვენი პოზიციები თანმხვედრი ყოფილიყო ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, ყოველთვის აცდენილი ვიყავით. გვეუბნებოდნენ და გვეხვეწებოდნენ, ცხინვალში პროვოკაციაა, არ შეხვიდეთო და მაინც შევედით და რაც მოჰყვა ამას, ვნახეთ. ზოგადად, რომ შევაფასოთ სიტუაცია, ერთ მხარეს დგას რუსეთ-ბელარუსის კავშირი და მეორე მხარეს დანარჩენი მსოფლიო, ზოგიერთი მათგანი, ჩვენი პარტნიორები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში, არაპარტნიორები - მეტ-ნაკლებად. ყოველ შემთხვევაში, იზიარებენ იმ პროცესს, რაც მიდის რუსეთის წინააღმდეგ. ბალტიისპირეთს ჩავეხსენით, რადგან ჩავთვალეთ რომ თურმე იქ საბჭოური არჩევნები იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმ საბჭოური არჩევნების არჩეულმა პარლამენტმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაშინ ჩვენ შეგვეძლო ამ პაკეტში ბალტიისპირეთთან ერთად გავსულიყავით სამშვიდობოს, ვერ გავაკეთეთ ეს, იმიტომ რომ ისევ არაადეკვატურები ვიყავით რეალობის მიმართ. ახლა გვქონდა შანსი, რომ უკრაინასთან ერთად გვებრძოლა ევროკავშირში გაწევრიანებასა და ნატოში გაწევრინებაზე და როგორც ჩანს, ისევ ჩავეხსენით ამ ვითარებას. ეს კატასტროფაა. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ როგორც არ უნდა წავიდეს უკრაინაში საქმე, ჩვენ რუსეთის გულის მოგებას ვერ შევძლებთ და არც უნდა შევეცადოთ… ისინი მაინც იმას გააკეთებენ, რასაც საჭიროდ ჩათვლიან. ნუთუ 200 წელი არ არის იმისთვის საკმარისი, რომ ეს დაინახო, მიხვდე და იგრძნო? არასდროს ვყოფილვარ იმის მომხრე, რომ რუსეთთან დაპირისპირების ავანგარდში ვყოფილიყავით, მაგრამ ყოველთვის ვიყავი მომხრე, რომ სიტუაცია ადეკვატურად შეგვეფასებინა და ისე მიგვეღო გადაწყვეტილება, რატომ არის ეს ასეთი რთული, არ მესმის'' - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოს საქმე ამ ვითარებამდე არ უნდა მიეყვანა და უკრაინელებთან მეტი კომუნიკაცია უნდა დაემყარებინა. მათთვის უნდა აეხსნათ თუ რის საფუძველზე მიიღეს, ესა თუ ის გადაწყვეტილება.
,,თავის მართლება ყოველთვის შეიძლება, ყველა იმართლებდა თავს…, ამიტომ აქამდე არ უნდა მიიყვანოთ საქმე, ან უნდა გვქონდეს კავშირი… ამიტომ, ჩვენ ნება უნდა გვებოძა და ჩვენს მეგობრებთან, უკრაინელებთან მეტი კომუნიკაცია დაგვემყარებინა, მეტი ახსნა მათთვის და მეტი ინფორმაციის მიწოდება, თუ რატომ მივიღეთ და რატომ ვღებულობთ ასეთ გადაწყვეტილებებს. მეტი რა არის ხელისუფლების მოვალეობა, სხვას რას აკეთებენ? ჩვენ იმასაც ვერ ვხვდებით, რომ ის პრობლემა, რაც დადგა რუსეთ-უკრაინას შორის, ეს არ არის მხოლოდ ორ ქვეყანას შორის პრობლემა და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ. ის რომ, ეკონომიკური პრობლემები ექნება მთელ მსოფლიოს, მათ შორის ჩვენც, ის, რომ რუსეთი არის მოქცეული ეკონომიკური სანქციების ქვეშ და იქ ლაპარაკი იმაზე, რომ ამ მიმართულებით ჩვენ რაღაც დივიდენდებს მივიღებთ არის ტყუილი და ზღაპარი. სამწუხარო ფაქტია, ძალიან სამწუხარო’ - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
0
0