27/12/2024
21:58
პოლიტიკა
ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმაურება.
კახა კალაძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება.
„სანქციებს რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ დე-ფაქტოდ, ბიძინა ივანიშვილი ისედაც დასანქცირებული იყო, ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს, ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკება გახსნა-არ გახსნის სტატუსით, ხან სანქციებით, ეს წარმოუდგენელია. მოთხოვნა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, გაიხსნას მეორე ფრონტი. წარმოუდგენელია იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ჯერ კიდევ კაბინეტებში პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მუქარებით და შანტაჟით, ეს უკვე ყველა ზღვარს ცდება. რეზოლუციებიც კი მიიღეს სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით.
ბიძინა ივანიშვილს რაც შეეხება, ეს ადამიანი საქართველოში მოღვაწეობის დროს, მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით, უამრავი პროექტი და საქველმოქმედო საქმიანობა აქვს გაკეთებული, თუმცა მისი მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იყო 2012 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა და გამარჯვება მოიპოვა. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას და ქართველ ხალხს და რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც.
ჩვენ, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", რომელმაც 26 ოქტომბერს გამარჯვება მოვიპოვეთ და მივიღეთ მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან, იმიტომ, რომ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ეს პოლიტიკა და დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება", - აცხადებს კახა კალაძე.
როგორც ცნობილია, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.
0
0