30/10/2024
23:28
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 18 ნოემბერს განიხილავენ , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
“ჩვენ ძალიან, ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს. ეუთო/ოდირი საკვანძო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აფასებს, შეესაბამება თუ არა არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს. მათი წინასწარი შედეგები აღნიშნავს ბევრ სერიოზულ დარღვევას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და ეუთოს რეკომენდაციებს.
ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ოფიციალურ პირებს, რომ შეასრულონ თავიანთი ვალდებულება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და გადაწყვეტილება გამოიტანონ სააერჩევნო დარღვევებსა და ბრალდებებზე…
თქვენ ნახეთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მოშელმა უკვე კვირას გამოაცხადა, რომ ის განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას ევროკავშირის ლიდერებთან ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ბუდაპეშტში 6 ნოემბერს. პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტს ბრიუსელში გუშინ წინასწარი განხილვა ჰქონდა. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 18 ნოემბერს განიხილავენ.
ყველა ვარიანტი განიხილება. განსხვავებული ვარიანტები გადაწყვეტილების მიღების განსხვავებულ გზებს მოითხოვენ. თქვენ სანქციების შესახებ მკითხეთ. როგორც ბევრჯერ გავიმეორე, ევროკავშირის შემთხვევაში შემზღუდველი ზომების შემოღება, სანქციების შემოღება ერთსულოვნებას მოითხოვს. უვიზო რეჟიმის შეჩერება მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრას საჭიროებს.
ეს ყველაფერი განხილული იქნება წევრ სახელწმიფოებთან და გადაწყვეტილებები საქართველოში მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით იქნება მიღებული”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
0
0