21/12/2022
13:45
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი არასოდეს ჩარეულან და არ გეგმავენ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო Facebook-ის პოსტში წერს.
„რა სახის ინსინუაციებს არ ავრცელებენ ცალკეული ქართველი პოლიტიკოსები, რათა გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“ - განაცხადა ნიკოლენკომ.
მან, ასევე, გამოთქვა "ღრმა იმედგაცრუება" იმის გამო, რომ "საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინის ომის თემაზე, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდა პოლიტიკურ მიზნებს".
„კვლავ გამოვდივდივართ მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან წვდომის უზრუნველყოფის შესაძლებლობა მიეცეს უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს დიმიტრი ლუბინეცს. ასევე მოვუწოდებთ, უკრაინის მოქალაქეს გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა სასჯელის გადადების შესახებ უკრაინის, დასავლეთ ევროპის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში შემდგომი მკურნალობისთვის გადაყვანისთვის“ - დასძინა ნიკოლენკომ.
მან პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებს უპასუხა, რომლებიც სააკაშვილის საქართველოში ჩასვლას კიევის „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებდნენ. კერძოდ, როგორც ცნობილია, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გაგზავნაში, მაგრამ ეს სპეცოპერაცია, მისი თქმით, ჩაიშალა. საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კი დასძინა, რომ „სააკაშვილის საქართველოში გაგზავნა იყო სპეციალური ოპერაცია საქართველოს ომში ჩართვისა და საქართველოს გახლეჩვის მიზნით“.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მოწყალება გამოიჩინონ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი და გაგზავნონ ის უკრაინის, ამერიკის შეერთებულ შტატების, ან ევროპის რომელიმე ქვეყნის კლინიკაში.
0
0