ეს კლასიკაა - რაც ეპატიება იუპიტერს, ის არ ეპატიება ხარს. ვიღაცას მართლა ხარის როლში უნდა, რომ გამოგვიყვანოს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საფრანგეთში მიღებულ, უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონზე საუბრისას.
„ჩვენ არ ვართ კოლონია. ნუ მოგვეპყრობიან ისე, როგორც ეპყრობიან ახალ კალედონიას ან რომელიმე მათ ყოფილ ან ამჟამინდელ კოლონიას. დამთავრდა კოლონიალიზმის ეპოქა, ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, ღირსეული ხალხი და გველაპარაკონ, როგორც ღირსეულ პარტნიორებს. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და უფლებებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან ასევე განმარტა, რომ ფრანგული კანონი ქართულთან შედარებით გაცილებით მკაცრია და ეხება როგორც იურიდიულ, ისე კერძო პირებს.
„ასევე, თუ სპეცსამსახურები ჩათვლიან, რომ რომელიმე კერძო ან იურიდიული პირი საფრანგეთისთვის არასასიამოვნო საქმიანობას ეწევა და გავლენას ახდენს საფრანგეთის პოლიტიკაზე, 5 წელი შეუძლიათ, უსმინონ მათ ისე, რომ ამის შესახებ არავინ იცოდეს. ასევე, გავალისწინებულია დაახლოებით 6 წლიანი პატიმრობა ან 45 ათასიდან მილიონ ევრომდეა ჯარიმა დარღვევებისთვის, დაყადაღება ნებისმიერი ანგარიშის როგორც პირის, ისე იურიდიული პირის. მსგავსი რამ ჩვენს რეესტრში არ არის. ამის მიუხედავად, როცა აკრიტიკებენ ქართულ კანონს და არ აკრიტიკებენ ფრანგულს, მარტივია, რომ ორმაგი სტანდარტი მოქმედებს. ვინც აფინანსებენ, მათ აქ თავისი აგენტურა ჰყავთ და ამ აგენტურის გამჟღავნება არ უნდათ. ამ აგენტურის პირობებში საქართველოში სტაბილურობა არასდროს არ იქნება და ეს გაცილებით მეტად აზარალებს საქართველოს ეკონომიკას, ვიდრე ის ფულია, რომელსაც ყოველდღიურად გვახსენებენ და გვაყვედრიან, რომ ვითომ გვეხმარებიან. მაგრამ რამდენად არის დახმარება, როცა არჩევნების ხმების პარალელური დათვლის გაყალბებას აფინანსებენ, ეს ცალკე საკითხია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
0
0